რომელია სხვადასხვა ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო ადგილები (რჩევები)

ზაფხულში, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების გარდა, არაერთ ადამიანს უწევს დიდი მანძილის დაფარვა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით. Bright Side-მა გამოაქვეყნა რჩევები იმის შესახებ, თუ ტრანსპორტის რომელი ნაწილია ყველაზე უსაფრთხო მგზავრებისთვის.

მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში, ყველაზე უსაფრთხოა მძღოლის უკანა სავარძელი და უკან, ცენტრში არსებული სავარძელი. საშიშია მძღოლის გვერდით ჯდომა, რადგან, როგორც წესი, უბედური შემთხვევისას, მძღოლი ინსტინქტურად, თვითგადარჩენის მიზნით, ავტომობილს ისე ატრიალებს, რომ მისი მხარე არ აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ. ამით კი, მის გვერდით მჯდომი ზარალდება.

დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსებს არ აქვს მოძრაობის საპირისპირო მხარეს განთავსებული სავარძლები, თუმცა დადგენილია, რომ მიკროავტობუსებში სწორედ მოძრაობის საპირისპიროდ ჯდომაა ყველაზე უსაფრთხო. ყველაზე საშიში კი, მძღოლის გვერდით, არსებული სკამებია.

ავტობუსში ყველაზე საშიშია მძღოლის მხარეს განთავსებულ სკამებზე დაჯდომა, რადგან ეს მხარე საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი ტრანსპორტის მხარეა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას, დიდია ამ სავარძლებზე მსხდომი ადამიანების დაშავების შანსი. ასევე, საშიშია უკანა და წინა სავარძლები. ყველაზე დაცული კი, მგზავრი ავტობუსის ცენტრში და მძღოლის საპირისპიროდ განთავსებულ სავარძლებშია.

მატარებელში ყველაზე უსაფრთხოა ვაგონის შუა ნაწილი. ვაგონებს შორის კი, ყველაზე დაცულია შუა ვაგონები, რადგან, რელსებიდან გადასვლისას, ნაკლებია ამ ვაგონების დეფორმაციის ალბათობა.

გემის შემთხვევაში, უსაფრთხოა გემბანი და კაბინა, რადგან ის გემის ზედა ნაწილზეა და ჩაძირვის შემთხვევაში, ადამიანს რეაგირებისას მეტი დრო აქვს. როგორც წესი, ჩაძირვისას, ყველაზე სწრაფად, მისი ქვედა სართულები ივსება წყლით.

ექსპერტები ჯერ არ შეთანხმებულან, რომელია თვითმფრინავის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, თუმცა, ავიაკატასტროფებში გადარჩენილთა მონაცემების ანალიზი აძლევთ საფუძველს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო ადგილად მისი უკანა ნაწილი, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად, კი, – თვითმფრინავის წინა ნაწილში განთავსებული სავარძლები დაასახელონ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.