რომელ ქვეყნებშია აკრძალული ნაცისტური მისალმება და როგორ სჯიან კანონდამრღვევებს?

ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ქუჩის აქციებს და კონტრაქციებს მართავენ. ლიბერალური და კონსერვატიული შეხედულებების მოქალაქეები პროტესტს საკუთარი ლოზუნგებით და სიმბოლიკით გამოხატავენ. ქუჩაში გამოჩდნენ ისეთი რადიკალური შეხედულებების ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ თავს „ფაშისტებთან“ აიგივებენ და ნაცისტურ სიმბოლიკას საჯაროდ იყენებენ. სხვა ნაცისტურ სიმბოლიკასთან ერთად, კონკრეტულად „ნაცისტური მისალმება“ დანაშაულად მიიჩნევა გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში.

გერმანია და ავსტრია

ნაცისტური მისალმებისა და ნაცისტური სიმბოლოების წინააღმდეგ კანონები მეორე მსოფლიო ომის დამთავრდებიდან მალევე მიიღეს. ნაცისტური მისალმებისთვის გერმანიაში ადამიანს შეიძლება 6 თვით თავისუფლება აღუკვეთონ.

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი მკაცრად კრძალავს არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლოების, მათ შორის დროშების, უნიფორმის, ლოზუნგების და მისალმების მანერის გამოყენებას, თუ ეს არ კეთდება ხელოვნების, მეცნიერების, კვლევის ან განათლებისათვის. მაგალითად, მუზეუმში შეიძლება სვასტიკიანი დროშის ჩვენება, მაგრამ გერმანიის ტერიტორიაზე ასეთ დროშას ვერ ააფრიალებთ.

ნაციზმის დამარცხების შემდეგ, მისმა დატოვებულმა კვალმა საზოგადოების ცნობიერებაში და მისი გამეორების საფრთხემ ხელისუფლებას უბიძგა აეკრძალა ნებისმიერი ისეთი გამოსახულების გამოყენება ან გამოსვლა, რომელიც ადამიანებს ამ წარსულს გაახსენებდა.

2011 წელს, 30 წლის კანადელი ტურისტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან ნაცისტური მისალმების პოზაში, ბერლინში, გერმანიის პარლამენტის შენობის წინ ფოტო გადაიღო. ის რამდენიმესაათიანი პატიმრობის და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ავსტრიაში, სადაც ანტინაცისტური კანონი კრძალავს ნაციტურ მისალამებას, ვენის პოლიცია მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც მან არაოპერატიულად უპასუხა „ევროპელი პატრიოტების“ ჯგუფის წევრების ნაცისტურ მისალმებას ამ წლის თებერვალში გამართულ დემონსტრაციაზე „დასავლეთის ისლამიზაციის“ წინააღმდეგ.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ნაცისტური მისალმება აკრძალულია ასევე სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში – ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. კანონის დარღვევისთვის ბრალდებულს შეიძლება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ, თუმცა პრაქტიკაში შეზღუდვების გატარება რთულია:  ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ადამიანის მხრიდან ასეთი „მისალმების“ მიზანი ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდა იყო.

2014 წელს სლოვაკეთში კანონში ცვლილება შევიდა, რომელმაც პოლიციას ნაცისტური მისალმებისათვის ადამიანების დევნა გაუიოლა, თუმცა იმავდროულად, სასჯელიც პატიმრობის ნაცვლად ჯარიმით შეცვალა.

შვეიცარია და შვედეთი

ნაცისტურ მისალმებაზე შეზღუდვებია შვედეთსა და შვეიცარიაშიც, სადაც ასეთი ჟესტი კლასიფიცირებულია, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. თუმცა 2014 წელს, შვეიცარიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ნაცისტური მისალმება“ არ არღვევს ქვეყნის ანტირასისტულ კანონს თუ ადამიანი ამ ჟესტით მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს წარმოაჩენს. ჟესტის გამოყენება რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისათვის კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. უმრავლეს შემთხვევაში ბრალდებულები ისჯებიან ჯარიმით და არა თავისუფლების აღკვეთით.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკული კანონებით, ნაცისტური დროშით მიტინგზე მისვლა და ნაცისტური გამონათქვამები, არ იკრძალება. აშშ-ში სვასტიკის დემონსტრირება და ჰოლოკოსტის უარყოფა ნებადართულია. ნებადართულია სიმბოლოები და გამონათქვამები, რომლისთვისაც ბევრ სხვა ქვეყანაში ადამიანებს იჭერენ. მაგალითად, აშშ-ში არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს სვასტიკის დემონსტრირებისა და ნაცისტური მისალმებისთვის (გერმანიაში ორივე აკრძალულია); ჰოლოკოსტის უარყოფისთვის (აკრძალულია ევროკავშირის 28 ქვეყანაში); წინასწარმეტყველი მუჰამედის გამოსახულებების გამოქვეყნებისთვის (აკრძალულია ბევრ ისლამურ ქვეყანაში). ამიტომ, მაგალითად, 2017 წლის აგვისტოში, შარლოტსვილში, ულტრამემარჯვენეების მიტინგზე ნაცისტური დროშების გამოყენებით ამერიკის კანონები არ დარღვეულა.

აშშ-ში ასეთი სიმბოლოების გამოყენება და ნაციზმის იდეების პროპაგანდა არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციის (1791 წელი) პირველი შესწორებით.

საქართველო

საქართველოში “თავისუფლების ქარტიის“ კანონი კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას და ამ იდეოლოგიების პროპაგანდას კრძალავს. დოკუმენტში კონკრეტული სიმბოლიკის ჩამონათვალი არ არის, უცნობია ასევე ითვალისწინებს თუ არა ქართული კანონმდებლობა სასჯელს კონკრეტულად „ნაცისტური მისალმებისათვის“. მასში აღწერილია ის, თუ სად და რა ფორმით არ შეიძლება კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლოკის გამოყენება.

ამ კანონით განსაზღვრული მიზნების, მათ შორის „კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად მსგავსი ფაქტების შეგროვება ევალება: „კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს”.

თუ კი კომისია, აღმოაჩენს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერებს, სახელწოდებებს და ა.შ ის მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის პირს აფრთხილებს, ხოლო მითითების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი  შესრულების შემთხვევაში პირს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1000 ლარით დააჯარიმებს (ამ საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 16 ე მუხლი არეგულირებს).

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.