რუსებმა საქართველოს მთავარი დიპლომატი „დიპლომატიური კულტურის არქონაში“ დაადანაშაულეს

27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი დიპლომატიური კულტურის არქონაში დაადანაშაულა.

კისლიაკის თქმით, ზალკანიანი ასაბლეაზე გამოდის, როგორც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და არა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავმჯდომარე ქვეყანა უნდა იყოს თავისი მოვალეობის შემსრულებელი. ზაკლალიანმა კი ქართულ-რუსული ურთიერთობებზე ისაუბრა, რაც, კისლიაკის შეფასებით, მხოლოდ ორმხრივი ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხია.

აქედან გამომდინარე რუსმა პარლამენტარმა აღნიშნა, საქართველოს მთავარ დიპლომატს „დიპლომატიური კულტურის დეფიციტი” აქვს.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებლი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვა, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, არ არსებობს. მისივე თქმით, რუსმა პარლამენტარმა ჩათვალა, რომ საქართველო საერთაშორისო ტრიბუნას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებაა ისაუბროს ასევე იმ პრობლემებზე, რაც მის ქვეყანას აწუხებს.

„მას (კისლიაკს) არ მოეწონა ტონი და თემატიკა, რომლითაც ზალკანიანი გამოვიდა, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია თამჯდომარე ქვეყანაზე და არა კონკრეტულად საქართველოზე. ჩათვალეს, რომ რადგან საქართველო თავჯდომარე ქვეყანაა, უფრო ნაკლები სიმწვავე და სიხისტე უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს სიტუაციის აღწერისას.

„ამას ემატება ისიც, რომ ბოლო პერიოდში საუბარია მომავალ შეხვედრებზე, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს ამ ორგანიზაციის ფარგლებში და კონკრეტულად გავრილოვის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლაზეც იყო ლაპარაკი.

„მათ მოეჩვენათ, რომ საკმაოდ მწვავე განცხადება იყო და საქართველო ამ ტრიბუნას საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს და როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ის უნდა ეცადოს, რომ უფრო მეტად იმ თემებზე ილაპარაკოს, რაზეც მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფო თანხმდება.

„ვერავინ დაუშლის თავმჯდომარე ქვეყანას, რომ ამ გამოსვლისას ასევე ილაპარაკოს იმ საკითხებზე, რომელიც კონკრეტულად მის ქვეყანას აწუხებს. კონკრეტული შეზღუდვა სამართლებრივად და მექანიკურად, ნაკლებად სავარაუდო მგონია,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

აქვე შეგახსენებთ, ზალკანიანმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი ამ ტერიტორიების ანექსიაში დაადანაშაულა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.