“რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სწრაფად იზრდება” – ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი და საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების გეგმა?

უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით საქართველო ჩრდილოელ მეზობელზე გახდა დამოკიდებული

2019 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 425%-ით გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიც რეკორდულად მატულობს. ასევე ჩრდილოელი მეზობელი პირველია ტურისტების ნაკადის მიხედვით ქვეყენაში. რუსეთია საქართველოს უმთავრესი ხორბლის მომწოდებელი და წლიდან წლამდე იუმჯობესებს პოზიციებს ნავთოპროდუქტების ბაზარზე. მთავრობა თითქოს მუდმივად ბაზრების დივერსიფიცირებაზე საუბრობს, რეალურად კი საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად “ებმის” რუსულს. 

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება რუსეთის ბაზრის როლი საქართველოს ეკონომიკაში. ეს შესამჩნევია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. შესაბამისად, მატულობს საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა და მათ შორის ყველაზე მეტად რუსეთიდან. თუ 2018 წლის 10 თვეში რუსეთისგან ქვეყანამ 74.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წელს იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 392.2 მლნ კვტ/სთ-მდე, ანუ დაახლოებით 425.3%-ითაა მომატებული.

მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორია აზერბაიჯანი, საიდანაც წელს საქართველომ 823.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, ეს კი სულ რაღაც 3,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 98,6% რუსეთიდან განხორცილდა – 195.5 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი მხოლოდ 1,3%, რაც 2.7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ სამინისტრომ და იმპორტიორებმა, დეტალურად უნდა ისაუბრონ, რატომ იზრდება მაინცდამიანც რუსეთიდან დენის მიღება და რა უპირატესობების გამო ხდება ეს. 

“ეს არის სისტემური პრობლემა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სისტემური მიდგომა სჭირდება და ეტაპობრივი გაუმჯობესებასაც, რაც არ ხდება. მთელმა ქვეყანამ გააზრებული, დაგეგმილი, გათვლილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. უნდა მოვიკითხოთ სამინისტროს რატომ ირჩევენ ჩრდილოელ მეზობელს. დასაბუთებული ახსნა არის აუცილებელი. ის რომ შედეგები არ მოგვწონს, არის მიზეზების დამსახურება. მიზეზი კი ბევრია, მაგალითად ის,რომ ჩვენთან  მთელი ქვეყანა არ მუშაობს ენერგოუსაფრთხოებაზე. არ გვაქვს სტრატეგია და ენერგეტიკული დიპლომატია“, -აცხადებს მარგველაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან რუსეთიდან იმპორტი მცირდებოდა, ეს ტენდენცია მიმდინარე  წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა.  2016 წელთან შედარებით, 2018 წელს ჩრდილოეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა, თუმცა 2019 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 318%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთიდან 17.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2019 წლის 4 თვეში კი უკვე 74.4 მლნ კვტ/სთ. მთლიანად იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა კი წელს 4 თვეში 613.9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 14%-ია. 

ამაში, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა. მისი თქმით, იმპორტის ზრდას, ობიექტური მიზეზები აქვს – რუსეთი უახლოესი მეზობელია, გამართული ელექტრო სისტემით და მისი რესურსი ყველაზე მისაღებ ფასად მოეწოდება საქართველოს.

“ყოველგვარი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, უცხო ქვეყნების სისტემაზე, რომელი ქვეყანაც უნდა იყო ის. თუმცა, ჩვენ, უნდა მივეჩვიოთ, რომ დღეს მსოფლიოში ამ დამოკიდებულებების გარეშე ვერავინ ცხოვრობს იზოლირებულ რეჟიმში. ჩვენ გვყავს რამდენიმე  მეზობელი რომელსაც შეუძლია მოწოდება, დანარჩენები არ გვყავს და სტრატეგიული პარტნიორებისგან (ევროპა, აშშ) დენს ტანკერებით ხომ არ შემოვიტანთ?  

თითქმის ერთი საუკუნე ჩვენ და რუსეთს ერთი სადისპეტჩერო და ქსელი გვქონდა და ასე ვაბალანსებდით ერთმანეთის მოთხოვნილებას. ეს სტიქიურად ვერ შეიცვლება.  რუსეთი, არის ელექტროენერგეტიკულად სრულყოფილი სისტემა. მას  რესურსი გააჩნია. ამიტომაა ის მიმზიდველი. ფასი, ხარისხი და გამართულობა, ეს განაპირობებს რუსეთიდან იმპორტის ზრდას“, – აცხადებს “რეზონანსთან” ჭითანავა. 

მიუხედავად ოპტიმისტური ხედვისა, ყოველი პოლიტიკური დაძაბულობის დროს, რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოზე გავლენის მოსახდენად. ბოლოს, ეს მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდა, როცა პუტინმა ტურისტული ემბარგო გამოაცხადა და პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამ დროსვე განიხილა რუსეთი პარლამენტის ყველა კომიტეტმა, საქართველოდან ღვინის და ხილის ექსპორტის აკრძალვა. სწორედ ამითაა გამოწვეული დაძაბულობა, რომელსაც რუსეთზე ნებისმიერი დამოკიდებულების ზრდა იწვევს.

თამარ მუკბანიანი

http://www.resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.