რუსეთის დელეგაცია მაინც ჩამოდის – განმეორდება თუ არა 20 ივნისის ამბები?

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს რუსეთის დელეგაცია ეწვევა, რასაც შესაძლოა ახალი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვეს და განმეორდეს იგივე, რაც გასული წლის ივნისში მოხდა. თბილისში დელეგაციის ჩამოსვლა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგორი კარასინმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია იქნება თუ არა მათ შორის თავად მინისტრი, სერგეი ლავროვი.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სამოქალაქო პროტესტი, რომელიც რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას მოჰყვება, აუცილებელიც კია იმისათვის, რომ კრემლს ვაჩვენოთ, ქართველი ხალხი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ ეგუება. აქვე აღნიშნავს, რომ ეს პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს.

„მიუხედავად იმისა, რუსული დელეგაციის შემადგენლობა როგორი იქნება, საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებები აქვს აღებული; თუ გვიწვეს არჩევანის გაკეთება, შევასრულოთ ეს ვალდებულებები თუ უარი ვთქვათ მის შესრულებაზე, რადგან რუსული დელეგაციაც უნდა ჩამოვიდეს, უფრო სწორი იქნება ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, უნდა მოიძებნოს იურიდიული მექანიზმი, რომ მათ დაუბრკოლებლად და კანონის დაურღვევლად შეძლონ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.

„ლავროვის ხელმძღვანელობით იქნება თუ არა, სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ეს პროტესტი ასევე დემოკრატიული ღირებულებების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ამ შემთხვევაში ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურის დონე გაიზარდა და მაღალია, მეორე მხრივ რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, არ შევეგუებით იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია,” – თქვა ძაბირაძემ.

რუსული გამოცემა „კომერსანტი” გასულ თვეში წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, ევროსაბჭოს მიმართოს თხოვნით მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გაიმართოს და ამ გზით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო ვიზიტი თავიდან აირიდოს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ადგილის სტრასბურგით შეცვლის საკითხი არ განიხილება.

როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ლოკაცია არ შეიცვალოს, რადგან ეს გარკვეულწილად საქართველოს იმიჯს დააზარალებს:

„სჯობს, რომ უარი არ ვთქვათ ამ მინისტერიალის გამართვაზე. ამას აქვს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე პიარის თვალსაზრისით. ამიტომ უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა ამაზე იმუშაოს. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ იყოს პროტესტი, მაგრამ კანონის ფარგლებში, რაც იქნება დასტური იმისა, რომ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ვართ კეთილგანწყობილი,” – განაცხადა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან” საუბრისას.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში საქართველოს რუსი დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა, ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.