“რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი, ევროპა იქნება“ – მიხეილ სააკაშვილი

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. ის ევროპა იქნება“.

აღნიშნულ სტატიაში, რომლის ქართული თარგმანის შემოკლებულ ვარიანტსაც GUARDIAN.GEგთავაზობთ, სააკაშვილი პროგნოზირებს, რომ პუტინის შემდგომი თავდასხმის სამიზნე არა საქართველო, უკრაინა, ბელარუსი ან ბალტიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, არამედ სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთი, ფინეთი ან შვედეთი შეიძლება იყოს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლის მორიგი სამხედრო აგრესიის განხორციელების შესაძლებლობას პუტინის რეიტინგის მკვეთრ დაცემას უკავშირებს და ამბობს, რომ „შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ“.

ამჯერადაც, მიიჩნევს სააკაშვილი, „ევროპული ქვეყნების სამიზნეებად ამორჩევით იგი შეიძლება მოელოდოს საზოგადოებრივ მოწონებას ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლებისგან, რომლებიც საშინლად მოწყურებულნი არიან გამარჯვებისთვის“.

„პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას მართავს თითქმის ორი ათეული წელია… იგი პროგნოზირებადიცაა და ლოგიკურიც: უფრო სუსტი მეზობლის დაპყრობას უფრო იაფი და სწრაფი რეიტინგი მოაქვს, ვიდრე ვთქვათ, რუსეთის დასამარების პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ“, აცხადებს სააკაშვილი.

იგი წერილში ამბობს, რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის მკაცრი კრიტიკა და პუტინის ქმედებების დაგმობა დასავლეთს მხრიდან მხოლოდ აძლიერებს მის პოპულარობას ქვეყნის შიგნით. „ყოველ ისეთ ქმედებაზე, როდესაც უცხოეთის არჩევნებში კრემლი ერევა, ადამიანის უფლებების ყოველ დარღვევაზე ყირიმში, და ყოველთვის, როცა რუსი ჯარისკაცები მავთულხლართების ღობეებით მიიწევენ, რათა კიდევ რამდენიმე აკრით მეტი ქართული ტერიტორია მიიტაცონ, შეერთებული შტატების და ევროპის სტანდარტული პასუხი – დიპლომატიური ტერმინი „ღრმა შეშფოთების“ შესახებ – უფრო გაცვეთილ კლიშედ ჟღერს“, აცხადებს საააკაშვილი და განაგრძობს:

„მე არ ველოდები, რომ რუსული ტანკები წინააღმდეგობის გარეშე შეგრიალდებიან ჰელსინკიში ან სტოკჰოლმში… მაგრამ მოსკოვისთვის საგრძნობლად მარტივი იქნება დაიკავოს მიწა მოცილებით მდებარე არქტიკის ანკლავში ან პატარა კუნძულზე.

„ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, მაშინაც კი, როცა ისინი NATO-ს წევრები არიან, როგორც ეს ესტონეთის შემთხვევაშია, ფართოდ არიან აღქმულნი, როგორც არც ისე დასავლური ქვეყნები. ეს აღქმა შესაძლოა არასწორია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად აღქმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რეალობას. ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, თუმცა კი, აღქმა და რეალობა სწორხაზოვანია. ისინი არ არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები; ისინი უდავოდ, დასავლეთის ნაწილი არიან.

„საქართველოდან დაწყებული უკრაინით, სირიით… დამთავრებული, პუტინის ტრაექტორია ნათელია“, აცხადებს სააკაშვილი და პუტინის სკანდინავიის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ სტატიას ასე ასრულებს:

 „ეს შესაძლოა შოკისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ პუტინმა მსოფლიოს ბევრჯერ მოჰგვარა შოკი“.

guardian.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.