რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს (ფოტო)

საქართველოში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გამართეს. დემონსტრანტების თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ანტისაოკუპაციო აქციას. 

რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

აქციის მონაწლეების თქმით, ღონისძიება სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა. 

“ვფიქრობ, პოსტერებზე ყველაფერი ნათქვამია, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს იღებს, ვიდრე ჩვენ. მათთვის სიმართლის მხარეს დგომა, ნიშნავს იმას, რომ სახლში აღარც ჩაესვლებათ, მინიმუმ, დიდ ხანს. უდიდესი მადლობა მათ”, – წერს სოციალურ ქსელში 20 ივნისის შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი. 

ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, “ქართულმა ოცნებამ” ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.