რუსეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გახუთმაგდა – საქართველოს დაპყრობის და დამონების რუსეთის ახალი ხერხი?

ბოლო დღეებში კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში ახალი ანტიქართული კამპანია აგორდა ლოზუნგით “აჭარას გათურქება ემუქრება”. 

რუსეთის კვალდაკვალ ეს კამპანია ახალი ძალით აიტაცეს კრემლს დაქვემდებარებულმა ქართულმა მედიასაშუალებებმა, ათასგვარმა პროპაგანდისტულმა ვებ-გვერდებმა, “ტროლებმა” და “ბოტებმა”.

რეალობა კი, რა თქმა უნდა, სულ სხვაა! 

იმავე რუსულ მედიას “აჭარის გათურქების საფრთხის” შესახებ ისტერიებს შორის შესვენებებში “ეპარება” ცნობები იმის შესახებ,რომ კრემლის თავხედური პოლიტიკის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში “რუსეთის მოქალაქეებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შეძენისკენ სწრაფვას ახალი იმპულსი მიეცა”; რომ იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსები უძრავ ქონებას ყიდულობენ, ესპანეთი ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილით თურქეთი მოსდევს და თუ თავად რუსეთის 2019 წლის პირველი ნახევრის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ქვეყნის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უძრავი ქონების საქართველოში შეძენას აპირებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გახუთმაგდა. 

როგორც რუსეთში მოღვაწე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საქართველო, კრემლთან მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, შესაძლოა, რუსი მყიდველებისთვის მეორე ლატვიად იქცეს.

ანალიტიკურ ცენტრ Prian.ru-ს 2019 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7-ჯერ გაიზარდა და ამ მაჩვენებლით საქართველომ რეიტინგში 23-დან მე-15 პოზიციაზე აინაცვლა. 

“ამას სრულიად ლოგიკური საფუძველი აქვს: საქართველოს კანონმდებლობა უცხოელებს უძრავი ქონების შეძენას არ უკრძალავს; ფასისა და ხარისხის თანაფარდობაც მიმზიდველია”, – ამბობს Prian.ru -ს ანალიტიკოსი ანასტასია ფალეი. 

გარდა ამისა, მისი თქმით, საკურორტო საცხოვრისის გარდა, ქვეყანაში უცხოელებს აქტიურად სთავაზობენ საინვესტიციოსაც: ადგილობრივი მმართველები აცხადებენ 20–25%-იანი შემოსავლიანობის შესახებ. 

ამასთან, ფალეის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მორიგი კრიზისი, რომელიც 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ გამწვავდა, რუსეთის მოქალაქეებში საქართველოს პოპულარობას არ დააგდებს, ყოველ შემთხვევაში, ბოლო კვირა მსგავს დინამიკას არ აჩვენებს. 

მას ანალიტიკურ პორტალ Indriksons.ru-ს დამფუძნებელი იგორ ინდრიკსონსიც ეთანხმება და მაგალითად ბალტიისპირეთი მოჰყავს: 

“კონფლიქტები და კრიზისები მუდმივად იქმნება, თუმცა რუსეთის მოქალაქეები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაინც აქტიურად ყიდულობდნენ უძრავ ქონებას იურმალაში და ლატვიაში ბინადრობის მოწმობებს იძენდნენ”.

ცნობისთვის: „მიგრაციის პროფილის“ მონაცემებით, იმ უცხოელთა 53%, რომლებმაც 2012-2016 წლებში საქართველოში ქონება დაირეგისტრირეს, სწორედ რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5% – უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის; 4% – ისრაელის; 3-3% – აშშ-ისა და საბერძნეთის, ხოლო თურქები და ირანელები 2%-2%-ით ამ რეიტინგში ბოლო პოზიციას იკავებენ.

“რუსეთში კეთდება ასეთი აქცენტი, რომ “თურქეთიდან რუსეთსა და საქართველოს საერთო საფრთხეები ემუქრებათ”. აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება: თურქეთი ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საქართველოს ტერიტორიული დავა არ აქვს, რუსეთი კი ჩვენი ტერიტორიების მოქმედ და მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს; შევხედოთ რაციონალურად, როგორ უნდა ითანამშრომლო ერთადერთი ნორმალური მეზობლის წინააღმდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან?! ხომ აბსურდია? პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ამგვარი გზავნილები მუშავდება და ხვდება საინფორმაციო ველში, მათ საზოგადოების ნაწილის მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვება ხოლმე. ანუ, იქ არსებულ იდეათა რეფლექსიას, საბოლოო ჯამში, აქ ვხედავთ” – ამბობს ამასთან დაკავშირებით ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გობრონიძე.

accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.