„რუსეთის სამხედრო მოქმედების პერსპექტივა ამ ფონზე გამორიცხულია” – საყვარელიძე გაბუნიას გამოსვლაზე

კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის 21:00 საათიანი კურიერი “PS”-ის პირდაპირ ეთერში მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეურაცხმყოფელი სიტყვენით მოიხსენია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ გაბუნიას გინება ისევე, როგორც სხვა მოვლენა, უნდა ახსნა იმით, თუ ვის აწყობს ეს.

„გაბუნიას გუშინდელი გინება, ისევე, როგორც ყველა მოვლენის მიზეზი უნდა ეძებო იმით, ვის აწყობს ეს? ეს გაცნობიერებული აქვს გიორგი გაბუნიას, თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რუსეთზე ამგვარი შეტევა საბაბს აძლევს, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს ურთიერთობები საქართველოსთან, შეავიწროვოს იქ მყოფი ქართველები და ამ ფონზე შექმნას არასტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დღეისთვის მის ბევრ ამოცანას შეესაბამება.

“დღეისთვის რუსეთის ამოცანები არის ანაკლიის პორტის მშენებლობაში ხელის შეშლა, საქართველოს გამოცხადება არასტაბილურ ქვეყნად და ასევე ირანის საკითხში ამერიკის საქართველოსთან პარტნიორობისთვის ხელის შეშლა.

„ასე რომ, დღეს რუსეთს აქვს იმის საბაბი, რომ გააძლიეროს ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტები დესტაბილიზაციის მიზნით, გაბუნიას გუშინდელი გამოსვლა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც უფრო აგინებს რუსეთს, ეს რუსეთს არაფერს დააკლებს, ნაფურთხს ჩამოიწმინდავს, მაგრამ მისცემს სანქციების გაძლიერების საბაბს” – ამბობს პოლიტოლოგი.

საყვარელიძის თქმით, იმის გამო რომ ვიღაცას გინება მოუნდა, ამის ფონზე უაზრო ომი და თავგანწირვა მიუღებელია.

„საზოგადოებაში გაჩნდა ეს ფორმულა, რომ ომის ეშინიათ ქართველებს, დაპირისპირების ფრონტი ხომ მხოლოდ ომი არ არის, ომის შიში ქართველებს რომ დააბრალო, მეტისმეტი თავხედობაა, სამი ომი გამოვიარეთ (თუ მეტი არა) ამ 30 წელში და არსად ქართველებს უკან არ დაუხევიათ.

„უაზრო ომი და თავგანწირვა იმისთვის, რომ ვიღაცას გინება მოუნდა – ეს არის მიუღებელი, თორე აფხაზეთი როცა იყო დასაცავი, ან ტერიტორიების აღდგენის იდეა, რომ ჰქონდათ, იქ ჭოჭმანი არ ყოფილა და ქართველების შეურაცხყოფა ამ ნიშნით ყოვლად მიუღებელია.

„მთავრობის წევრებმა ანალოგიური სისწრაფით განცხადებები გააკეთეს მაშინ, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და საკმაოდ მკვეთრი განცხადებები იყო, ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და ამ ფაქტს რეაქციაც მიეცა.

“ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უზრდელ, უხამს გინების ფაქტთან და მეტი არაფერთან, რასაც პოლიტიკური მნიშვნელობაც კი არ აქვს, მაგრამ ამას შეიძლება პოლიტიკური შედეგები ჰქონდეს, რაც ასეთი შეკოწიწებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება.

„რუსეთის სამხედრო მოქმედებების პერსპექტივა ამ ფონზე გამორიცხულია, არა იმიტომ, რომ რუსეთი კეთილია, არამედ რუსეთის სამხედრო მანქანის ამოქმედებას გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი მსოფლიო და რუსეთს არ სჭირდება მორიგი პრობლემა – სამხედრო ინტერვენციის პრობლემის გაჩენა უკრაინის გვერდით. მას დღს ჰიბრიდული ომის სტილი აქვს არჩეული და ამ ომში შეიარაღებას გვერდზე დებენ და მოქმედებენ სხვა იარაღით – ეკონომიკით, პროპაგანდით და ა.შ.

„მგონია, რომ გაბუნიას გამოსვლას რუსეთის მხრიდან რაღაც რეაქცია მოჰყვება იმიტომ, რომ რუსეთი გამწვავებული თავმოყვარეობის ქვეყანაა” – განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.