რუსეთის ჰიბრიდული ომი, რუსული პროპაგანდა და გამოწვევები – ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია იმართება

რუსეთის ჰიბრიდული ომი, რუსული პროპაგანდა და გამოწვევები – ამ თემებზე კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. დისკუსიას ანალიტიკოსები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრის მთავარი თემა, ჰიბრიდულ ომთან ერთად, იმ მექანიზმების განხილვაა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში უდიდეს გამოწვევას უნდა დაუპირისპირდეს.

„დღეს საუკუნენახევრის თავზე იგივე სახელმწიფოებრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, იგივე საფრთხეების წინაშე ვდგავართ, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამდენად კრიტიკულად აზროვნებს საზოგადოება, რამდენად საღი აზრი ჭარბობს საზოგადოებაში,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

უკვე 140 წელი გავიდა ილია ჭავჭავაძის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოების დაარსებიდან. ექსპერტების თქმით, დღესაც ქვეყანა იდენტური გამოწვევების წინაშე დგას.

„დღეს პრობლემა იდენტურია, დღეს პრობლემაა, რომ საქართველოს გააჩნია სახელმწიფო, მაგრამ ამ სახელმწიფოს მართავს ძალა და ისეთი პოლიტიკური სეგმენტი, რომელსაც არ გააჩნია ან ნება ან უნარი, ან სურვილი, რომ წინ აღუდგეს იმ გამოწვევებს, რომელიც მოდის რუსეთიდან,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აგრესიული და ამავე დროს რბილი პოლიტიკით თავისი გავლენის სფეროები გააძლიეროს.

„გამოწვევები იგივე აქვს ჩვენს საზოგადოებას, რუსეთი, როგორც ყოველთვის საქართველოსთან ურთიერთობაში ცდილობს, როგორც რბილი, ასევე შეიარაღებული სამხედრო ძალის გამოყენებას საკუთრი ინტერესების მისაღწევად, თაფლის, კვერის და მახვილის ურთიერთშეთანხმებით,“ – განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ანალიტიკოსები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა აიძულოს საზოგადოებამ ხელისუფლება, რომ ქვეყანა რუსული გავლენისთვის მოწყვლადი არ გახდეს.  

„ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს მკაფიო ხედვა რამეზე, მაგრამ ამავე დროს იმის გამო, რომ ის ებრძვის გარკვეულ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციას თავის მოკავშირედ თვლის იმ ძალებს, რომლებიც პრორუსული ტიპის ქართულ-ნაციონალიზმს ამკვიდრებენ, ისეთ ძალებს, რომლებიც თავს წარმოაჩენენ ეროვნულ პატრიოტებად, მაგრამ, ფაქტობრივად, რუსეთთან გვაბრუნებენ. ის ბრძოლები, რაც მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა, დღესაც გრძელდება,“ – განაცხადა ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარემ, გია ნოდიამ. 

ავტორი: ნათია გოგსაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.