რუსეთი არმიისა და ფლოტის გადაიარაღებაზე დაახლოებით 324 მილიარდ დოლარს დახარჯავს

რუსეთი უახლოესი ათი წლის განმავლობაში არმიისა და ფლოტის გადაიარაღებაზე 19 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 324 მილიარდი დოლარი) დახარჯავს.

როგორც რუსული სააგენტო „კომერსანტი“ წერს, კრემლს 2018-2027 წლების შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის საბოლოო ვარიანტი უკვე გადაეგზავნა. გამოცემაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტს უკვე მიმდინარე კვირას მოაწეროს ხელი.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მომავალი ათი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსთვის 19 ტრილიონი რუბლის გამოყოფის გარდა, 3 ტრილიონი რუბლი (51 მილიარდი დოლარი) გამოიყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სამსახურისა და როსგვარდიის გადაირაღებაზე.

10 წელზე გათვლილი შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის მიღება ჯერ კიდევ 2016 წელს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გამო ორი წლით გადაიდო.

ამჟამად რუსეთში მოქმედებს 2020 წლამდე გათვლილი შეიარღების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2011 წელს მიიღეს და რომლითაც გადაიარაღებაზე 20 ტრილიონი რუბლის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.