რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა – უსუფაშვილი

რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მიგვითითა – აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება:

”სამწუხაროდ, შევცდით. რუსეთმა ისარგებლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ემოციური გულწრფელობით გაჟღენთილი და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი მიმართვით და ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ:
1. ზოგადად მოსკოვში და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას;
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის რიგითი კომენტარი;
3. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო იმ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩა;
4. მიესალმებიან საქართველოს მზაობას იყოს უფრო კონსტრუქციული ჟენევის პროცესის უახლოეს რაუნდზე;
5. მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია თავად პრემიერი ჩაერთვება ჟენევის პროცესში თუ ვინმე სხვა უხელმძღვანელებს დელეგაციას;
6. საქართველო, როგორც იქნა, გონს მოვიდა და მზადაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს;
7. მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველომ სუვერენულ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვაროს და ამაში რუსეთი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ეს სცილდება რუსეთსა და დარჩენილ საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სფეროს;
8. და საერთოდ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რუსეთი დიდსულოვნად გვიქებს გამოსწორების მცდელობას!
ახლა საჭიროა შეცდომას შეცდომა არ დავუმატოთ, შეცდომის წარმატებად გასაღება არ მოვინდომოთ და აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე ახალი თაობის რუსულ მახეში არ შევაბიჯოთ. მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება თემის სასწრაფოდ დახურვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და მშრალი განცხადებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე არ ისარგებლა საქართველოს მთავრობის კეთილი ნების ნაბიჯით, რის გამოც ვწუხვართ. წერტილი. მიმართვაში თუ საპასუხო კომენტარში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის რუსეთთან საჯარო კომუნიკაციაში შემდგომი განხილვა-განმარტება-დაზუსტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

ყველას გვესმის, რომ ყოველი მოქმედი მთავრობის მიერ რუსეთთან წაგებული ყოველი მორიგი პარტია მომავალი მთავრობის დამატებითი თავის ტკივილია”, – აღნიშნავს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს ყველამ ერთად უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ცხედრის გადმოსასვენებლად.

”მათ შორის იმასაც, რაც არ უნდა გაეკეთებინა და რამაც მათი შვილის სათაყვანებელ სამშობლოს ახალი საფრთხეები შეუქმნა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გავათავისუფლოთ უმძიმესი მორალური წნეხისგან და მივცეთ მეტი დრო და საშუალება დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გაუმკლავდეს ამ პრობლემას”, – აცხადებს უსუფაშვილი.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.