რუსეთში სიღარიბის დონე იზრდება – საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანთა რაოდენობა რუსეთში გაიზარდა 500 000-ით (სტატისტიკა)

2019 წლის პირველ კვარტალში საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანთა რაოდენობა რუსეთში გაიზარდა 500 000-ით და შეადგინა 20,9 მლნ. – ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 14,3%.

ამ პერიოდში კვების პროდუქტები გაძვირდა 7,2%-ით, ინფლაციამ შეადგინა 5,2%, რეალური შემოსავლები შემცირდა 2,5%- იუწყება როსსტატი,

საარსებო მინიმუმის ზრდის ფონზე შემოსავლები არ იზრდება, რის შედეგადაც იზრდება ღარიბების რაოდენობა, თუმცა, საბოლოო სურათი გახდება ცხადი წლის ბოლოს – როსსტატი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია გაუმჯობესდება, რადგანაც, როგორც წესი, წლის პირველ კვარტლაში სიღარიბის დონე, გარკვეული მიზეზების გამო, არის ყველაზე მაღალი, ხოლო შემდგომ ის კლებულობს.

ასე იყო 2016-2018 წლებში, თუმცა, ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ღარიბების რაოდენობა მაინც იზრდებოდა.

ოფიციალურ სტატისტიკურ სამსახურს ასევე აქვს იმის იმედი, რომ ინფლაციის დონის შემცირება წლის ბოლოსთვის ასევე შეამცირებს სიღარიბის მაჩვენებელსაც.

თუმცა, ზოგადი სიტუაცია მაინც რჩება არასარბიელო – რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის ლიუბოვ ხრაპილინას თქმით, ციფრი 20,9 მლნ. აშკარად არ შეესაბამება რეალობას, და სიღარიბის ნამდვილი დონე უფრო მაღალია.

„ეს მონაცემები აშკარად შელამაზებულია. ჩაატარეთ გამოკითხვა და დაადგინეთ რისი შეძენა არ შეუძლიათ ადამიანებს მათი შემოსავლებით, და სტატისტიკა იქნება ბევრად უარესი. ჩვენი შეფასებით, სიღარიბის დონის მიღმა რუსეთში ცხოვრობს არა 14%, არამედ 29,6%“ – თვლის ექსპერტი.

მთავრობის და პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის სიღატაკის დონე უნდა შემცირდეს 12%-დე, თუმცა, რუსეთის აუდიტის პალატის დასკვნით, ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია – დასახული ზომები არასწორადაა დათვლილი, და მათი ეფექტურობა დაგეგმილზე გაცილებით უფრო დაბალია.

პრობლემას ასევე ართულებს ის, რომ ადამიანებს სურთ მათთვის ჩვეული ცხოვრების დონის და სტანდარტების შენარჩუნება, რისთვისაც ისინი იღებენ სესხებს – რის შედეგადაც, 2019 წლის მაისისთვის დაუფარავი კრედიტები აქვს მოსახლეობის 44%-ს, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო იძულებულია იმუშაოს გეგმაზე, რომლის მიზანიცაა ჭარბი დავალიანების მქონე ადამიანებისთვის დახმარების გაწევა.

თუმცა, ამ ეტაპზე ჯერაც არაა დადგენილი რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ დახმარების მიმღებთა სია.

ამ ეტაპზე ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებს ღარიბთა მხოლოდ 22%.

“Beдомости”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.