რუსთავი 2-ს კაპანაძე ყიდულობს (?) – ვინ არის გიორგი კაპანაძე მეტსახელად „რიჟა“?

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ყიდულობს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, მოლაპარაკება კომპანიის 100%-ის მფლობელს, ქიბარ ხალვაშსა და კაპანაძეს შორის უკვე მიმდინარეობს.

გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა” 2012 წლის არჩევნების და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ.

გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“ ზესტაფონისფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმე დააკავა.

„რიჟამ“ საპატიმროში რამდენიმე თვე დაყო და ორი მილიონის გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საქართველო დატოვა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ბიზნესაქმიანობაც განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გაყიდვის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა და ღია აუქციონიც გამოაცხადა. ჯერჯერობით მყიდველი ოფიციალურად არ გამოჩენილა, თუმცა სახელდება რამდენიმე სავარაუდო მყიდველი. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და გია ჯორბენაძე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ახალი მფლობელი გახდება თუ გიორგი კაპანაძე “რიჟა“ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

როგორც “2020NEWS”-ს სალიამ განუცხადა, ჯერჯერობით “რუსთავი 2“-ს შესყიდვით დაინტერესებული პირი არ გამოჩენილა.

“ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. არ ვფლობ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კაპანაძეს სურს ტელეკომპანიის “რუსთავი 2“-ს შეძენა. როგორც მოგეხსენებათ, განცხადება გაკეთდა და დასახელდა პირობა, ეს პირობა იყო საჯაროდ დასახელება შემსყიდველის სურვილისა და განზრახვისა, ალბათ საჯაროდ, რომ გაცხადდება ყველას გვეცოდინება, ვინ განაცხადა სურვილი “რუსთავი 2“-ს შეძენაზე. კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, არავისთან ფარული მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, როცა გამოჩნდება ყველა ერთად გავიგებთ ამ პირის შესახებ“,- განაცხადა სალიამ.

“პირველმა რადიომ” ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.