სააგენტო “INFO NEWS”-ი გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. ზუსტად 100 წლის წინ თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. თუმცა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
ფოტო: ეროვნული არქივი

1918 წლის 26 მაისს ხუთ საათზე თბილისში, მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა. ამავე დღეს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, რომელშიც თანამდებობების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ. მთავრობის თავჯდომარე და შსს მინისტრი ნოე რამიშვილი გახდა.

1918 წლის ივლისში, მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დაინიშნა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელშიც ბოლშევიკების გარდა ყველა მოქმედი პარტია და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები იყვნენ, საქართველოს პარლამენტი ეწოდა.

ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები 1919 წლის 14 თებერვლისთვის დანიშნა. არჩევნებში 15 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა დამფუძნებელ კრებაში აქედან მხოლოდ 4 პარტია (სოციალ-დემოკრატები – 109, ეროვნულ-დემოკრატები – 8, სოციალ-ფედერალისტები – 8, სოციალ-რევოლუციონერები -5) მოხვდა, რომლებსაც მოგვიანებით კიდევ ორი სუბიექტი (ეროვნული პარტია და დაშნაკცუთიუნი) შეუერთდა. მათ პარლამენტში 6 ფრაქცია შექმნეს. დამფუძნებელი კრება 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა
ფოტო: ეროვნული არქივი

დამფუძნებელმა კრებამ შექმნა საქართველოს სახელმწიფოს დროშა, გერბი და ჰიმნი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შექმნეს. იოსებ შარლემანი იყო გერბის მხატვარი, ხოლო გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის წესების ავტორები და მხატვრები – დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე.

თავდაპირველად, დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისგან, თუმცა ვითარება შეიცვალა 1920 წლის 7 მაისს, ანუ რუსეთის მიერ საქართველოს აღიარების შემდეგ. 1918 დან 1921 წლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს: თურქეთმა, რუსეთმა, გერმანიამ, შვეიცარია, ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ, ავსტრიამ, რუმინეთმა, ჰაიტიმ, ლიბერიამ, მექსიკამ, პანამამ, სიამიმ, ლუქსემბურგმა.

1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ როცა საქართველოს წითელი არმია უკვე თავს ესხმოდა დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია დაჩქარებული წესით, ერთხმად მიიღო.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა საბოლოოდ 18 მარტს დასრულდა. უკვე ყოფილი პირველი რესპუბლიკის მთავრობის უმრავლესობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, ხოლო ვინც დარჩა, ბოლშევიკებმა მკაცრად დასაჯეს.

XX საუკუნის 1990-იან წლებში საქართველომ თავი დააღწია დაშლის პირას მისულ საბჭოთა კავშირს. 70-წლიანი ანექსიის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს.

2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.