„საბანკო სისტემის ჩამოშლის მცდელობა, დაახლოებით, კავკასიაში ატომური ბომბის ჩამოვარდნის ეფექტის მატარებელია“

„საბანკო სისტემა ძალიან ფაქიზი ინსტიტუტია. მისი ჩამოშლის მცდელობა, დაახლოებით, კავკასიაში ატომური ბომბის ჩამოვარდნის ეფექტის მატარებელია,“ – ასე შეაფასა „კომერსანტთან“ თიბისი ბანკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ.

ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქვეყანაში რამდენიმე კომერციული ბანკის არსებობისა, განსაკუთრებული პრობლემები მუდმივად თიბისი ბანკს ექმნება, ეს კი საფუძვლიან  ეჭვს აჩენს, რომ საკითხი პერსონებს შორის პირადი ინტერესების პრიზმაში შეგვიძლია განვიხილოთ.

„ვვარაუდობ, რომ აქ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მამუკა ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები მოვიდა. მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო, წინდახედულად და ფაქიზად იმოქმედონ, რადგან საქმე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ინსტრუმენეტებს ეხება. ჩვენ ორი გავლენიანი პირის გლობალურ ხედვებს შორის სხვაობებთანაც გვაქვს საქმე, საიდანაც მომდინარეობს ეს დაპირისპირება, რომლის გაგრძელებაც მგონია მე ეს კონკრეტული ქეისი. ეს დაპირისპირება ანაკლიის პორტიდან იღებს სათავეს. ორი მხარის ინტერესიც სწორედ აქედან მომდინარეობს,“ – განაცხადა ბერიძემ.

ანალიტიკოსი ეროვნულ ბანკზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის არსებობა ასეთი ფაქტის დროს მეტად უნდა იგრძნობოდეს.

ვაჟა ბერიძის განცხადებით, ქვეყანა საბანკო სისტემის რეფორმით და პერსპექტიული კომერციული ბანკებით ამაყობდა, თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოებამ ბანკების სახით „საძულველი საფრთხობელა“ მიიღო, ხოლო ამით ხელისუფლება სარგებლობს.

„მივიღეთ „საძულველი საფრთხობელა“, სადაც მოქალაქეები ბანკების მიერ თავისი როლის შეუსრულებლობაზე და მომხმარებლის მიმართ დაუნდობელ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ,“ – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

საუბრის ბოლოს ანალიტიკოსი სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში ერთ-ერთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტზე განხორციელებულ დარტყმას ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს და აღნიშნავს, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას არ იქონიებს.

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.