სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება ამ წლის მეორე კვარტალში 9,9 მილიონი ლარით შემცირდა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2,43 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 12,42 მილიონი ლარი იყო.

მიუხედავად მოგების კლებისა, წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოზიდული პრემიის ოდენობა. სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის მეორე კვარტალში 247,38 მილიონი ლარი მოიზიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 229,98 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, გაზრდილია სადაზღვევო სექტორის აქტივების მოცულობაც, 2017 წლის მე-2 კვარტალში მან 601 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი აქტივების მოცულობა 578 მილიონი ლარი იყო.

სადაზღვევო სექტორში გაიზარდა კაპიტალის მოცულობაც და 140 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ასევე აღემატება. შარშან კაპიტალის მოცულობა სექტორში 118 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება კონკრეტულად სადაზღვევო კომპანიებს, მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობით სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” ლიდერობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 64 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რაც 14 მილიონით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეორე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” 49 მილიონით. წინა წელთან შედარებით მოზიდული პრემიის მოცულობა წელს 7 მილიონით არის გაზრდილი. შარშან ალდაგმა მეორე კვარტალში 42 მილიონი ლარი მიიზიდა.

მოზიდული პრემიის მოცულობით მესამე ადგილზეა “იმედი L”, რომელსაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება აქვს.

წელს სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობამ 30 მილიონი შეადგინა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 43 მილიონი ლარი იყო.

მცირედი კლება აქვს პსპ დაზღვევასაც. წელს კომპანიამ მეორე კვარტალში 27,28 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო, შარშან კი ეს მაჩვენებელი 27,81 მილიონი ლარი იყო.

ხუთეულს სადაზღვევო კომპანია „არდი“ ასრულებს. კომპანიის მიერ მეორე კვარტალში მოზიდულმა პრემიამ 19,17 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს დაახლოებით 3 მილიონი ლარით აღემატება. 2016 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 15, 86 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო.

საქართველოში 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით რეგისტრირებულია 16 სადაზღვევო კომპანია, 15 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.