საიდუმლო ჩანაწერი, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირებას ადასტურებს – დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი “ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებს დედას აგინებს

ქართულ ოცნებაში ფრონტის ორი ხაზია გახსნილი, ერთ ხაზზე ებრძვიან ოპოზიციას, მეორე ხაზზე კი ერთმანეთს. ოცნების მხარდამჭერმა ბლოგერმა, ირაკლი კორძაიამ, საიდუმლო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ საკრებულოს დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი, პარტიის მმართველ რგოლს – პოლიტსაბჭოს წევრებს, დედას აგინებს.

ირაკლი კორძაიას, იმის გამო, რომ შიდა დაპირისპირების ამბები საჯარო გახადა, ახლა უცხოეთში მყოფს ემუქრებიან.

კურიერი 40-წუთიანი სკანდალური ფარული ჩანაწერის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს ასაჯაროებს, თუმცა, კორძაია აანონსებს, რომ დანარჩენი ფრაგმენტები ბერვად მძიმე მოსასმენია.

ქართული ოცნების ყოფილი აქტიური მხარდამჭერი და სასჯელაღსრულების მინიტრის ყოფილი მრჩეველი, ირაკლი კორძაია, ამტკიცებს, რომ აუდიოჩანაწერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრეა ჩაწერილი.

გავრცელებული ფარული ჩანაწერიდან დგინდება, რომ ჯაბა ჯიშკარიანის კაბინეტში მმართველი პარტიის წევრებს შორის პოლიტიკური ვაჭრობა მიდიოდა. ახლა უკვე დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მისივე თანაგუნდელებს ემუქრებოდა, რომ, თუ საკრებულოს წევრი არ გახდებოდა, დაიწყებდა ღია ომს ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადასული სახეების წინაააღმდეგ.

ჯაბა ჯიშკარიანი ჩანაწერში ახსენებს ოქრიაშვილს, რომელიც სააფთიაქო ქსელის PSP-ს მფლობელი და ქართული ოცნების დეპუტატია. ირკვევა, რომ ზაზა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში ჯიშკარიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას, მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეობლოკმა შეაშფოთა და ჯიშკარიანთან შუამავალი ქართული ოცნების წევრი საშკა სანოძე გააგზავნა.

დავალების თანხმად, სანოძეს ჯერ ჯიშკარიანი, ჯიშკარიანს კი კორძაია უნდა დაერწმუნებინა, რომ მილიონერ დეპუტატზე კომპრომატების გამოქვეყნება შეეწყვიტა.

სკანდალური აუდიოჩანაწერის დასაწყისში ჯაბა ჯიშკარიანი არ მალავს, რომ ქართულ ოცნებაში მწვავე დაპირისპირებაა და გაბრაზებულია, მიზეზად კი ის მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში ვანო ზარდიაშვილის და კახა ოქრიაშვილის ჩასმას ასახელებს.

როგორც ჩანს, ჯაბა ჯიშკარიანის მუქარამ მმართველი გუნდზე იმოქმედა და ის 2017 წლის ახალი მოწვევის საკრებულოს სიაში ქართულმა ოცნებამ შეიყვანა. მიიღო თუ არა დეპუტატის მანდატი ვაჭრობის სანაცვლოდ, კითხვებზე პასუხის გაცემა ჯიშკარიანმა არ ისურვა. მან კურიერის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და დეპუტატი ორი დღის განმავლობაში არც საკრებულოში გამოჩენილა.

ქართული ოცნების დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, ჯიშკარიანთან შუამავლის გაგზავნას არ ადასტურებს, თუმცა, იმ პირებს, რომლებმაც აუდიომასალა ჩაწერეს, აგინებს.

როგორ გაგრძელდება ქართული ოცნებისა და ჯიშკარიანი ურთიერთობა, უცნობია. უცნობია ასევე, მიმართავენ თუ არა აუდიოჩანაწერის ფიგურანტი პირები შესაბამის უწყებებს მისი ავთენტურობის დადგენის მოთხოვნით.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი
“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.