„სამგორი-ლილო-აეროპორტი“ – მეტროს მშენებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში ავსტრიულმა კომპანიამ გაიმარჯვა

როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი „სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირებაზე და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.

ILF Consulting Engineers Austria –  ავსტრიულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება და  დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, მომდევნო 15 თვის განმავლობაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს კვლევა-პროექტირება. ჯამში ხელშეკრულების ღირებულება  12 მლნ. 762 ათას 530 ლარია.

დეტალებზე „კომერსანტს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლობა ესაუბრა:

„კვლევა-პროექტირების ჩატარების მიზანია მეტროს ორი ხაზის განვითარება. ორივეს შემთხვევაში ათვლის წერტილია მეტროსადგური სამგორი. პირველი გულისხმობს, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის ხაზი საქალაქო რკინიგზიზასთვის გახდეს მოდიფიცირებული. კვლევა-პროექტირების მეორე ფაზა კი  სამგორსა და რუსთავს შორის მონაკვეთის შესწავლას მოიცავს. აქ იგულისხმება ეკონომიკური კვლევა, ანუ რამდენად მიზანშეწონილია დაიგეგმოს ამ მიმართულებით სარკინიგზო  ხაზის მშენებლობა“.

შეგახსენებთ, „სამგორი-ლილო-აეროპორტის“ მიმართულებით მიწისზედა მეტროს  მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ოქტომბერში გაავრცელა. მისი თქმით, ახალი მეტროსადგური დღიურად 200 ათას ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება და მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში , 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა.

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.