სამთავრობო ქალაქი – კიდევ ერთი ჩაშლილი პროექტი

ზუსტად წელიწადი და 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დაანონსა, თუმცა როგორც ირკვევა, იგი უკვე ჩაშლილი პროექტების რიცხვშია.

„გადავწყვიტეთ, რომ მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტიც. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა“,- ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 2017 წლის 23 მარტი.

თავის დროზე,  „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუმარტეს, რომ  სამთავრობო ქალაქის ადმინისტრაციული და საოფისე შენობა-ნაგებობების კონცეფციაზე და წინასაპროექტო კვლევაზე კონკურსი წინა წლის მაისის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო, რის შემდეგაც გაირკვეოდა რამდენი სამინისტრო უნდა განთავსებულიყო ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე.

იმის გასაგებად თუ ეტაპზეა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დღეს,  „კომერსანტი“ რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა. მათი პასუხი  ასეთია:

  1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (თავის დროზე პასუხისმგებელი უწყება)- : „პროექტის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იდეაში საქმე გადაებარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამიტომ იქ უნდა მოიკითხოთ. როგოც ვიცით, თავის დროზე მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რომ პროექტი რამდენიმე სამინისტროს ერთად განთავსებას გულისხმობდა კონკრეტული ერთეულების გამოკლებით“.
  2. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო  – გადაგვამისამართა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში;
  3. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი (მგფ) –: „ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მხოლოდ ბიზნესსახლის მშენებლობაზე. სამთავრობო ქალაქი ჩვენი პრეროგატივა არ არის“
  4. მთავრობის ადმინისტრაცია – „თავის დროზე აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დაევალა ეკონომიკის სამინისტროს. თუ მათ არ აქვთ პასუხი, მაშინ ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტის მშენებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, ესენია:

  • ენერგოეფექტური შენობები;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • ეკონომიკურად მომგებიანი ფართების გამოთავისუფლება ქალაქის ცენტრში და მოქალაქეებისთვის მომსახურების გამარტივება;
  • სამშენებლო სექტორის წახალისება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მომსახურების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა.

დღემდე უცნობია, რა ფინანსებით უნდა განხორციელებულიყო პროექტი, რადგან ფაქტია 2017 წლის ბიუჯეტში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა გათვალისიწინებული არ ყოფილა.

რაც შეეხება ორთაჭალის ტერიტორიაზე ბიზნესსახლის პროექტის მშენებლობას, როგორც მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში „კომერსანტს“ განუცხადეს, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც ჩაიშალა. მიზეზად შემომტანი კომპანიების მიერ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გამოცხადდა. ფონდი ახლა დოკუმენტაციის ხელახალი შექმნის პროცესშია, რის შემდეგაც ტენდერი თავიდან უნდა გამოცხადდეს.

 

სალომე ლემონჯავა

commersamt.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.