სამიტი და „ტვინის სიკვდილი“ – რა შეიცვლება ნატო-ში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის

ლონდონში, 2-4 დეკემბერს ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება და შესაძლოა სწორედ ორ კვირაში გაირკვეს, თუ რა ბედი ელის ალიანსს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ „ნატო ტვინი სიკვდილს განიცდის”, დასავლეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის საკმაოდ არაერთგვაროვანი განცხადებები იძლევა მაკრონის მხრიდან შეშფოთების საფუძველს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უფრო მეტად უნდა დაასაბუთოს ის ერთგვარი ბრალდება, რომელსაც დონალდ ტრამპს უყენებს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკრონის მოსაზრებას არ იზიარებენ. მერკელის თქმით, საჭირო არ არის ნატო-ზე ასეთი შეტევა და ალიანსს შეუცვლელს უწოდებს. ხოლო სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი კვლავაც ძლიერია, აშშ და ევროპა კი, განაგრძობენ ერთობლივი ძალისხმევით კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, აღარ დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ აშშ ნატო-ს მოკავშირეებს დაიცავს. გამოცემა „ეკონომისტთან” ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ევროპას სცილდება და ბებერი კონტინენტი ამჟამად უფსკრულის პირასაა. სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს ემანუელ მაკრონი მწვავედ აკრიტიკებს.

მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი და სხვა ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თურქეთის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნები არიან იმედგაცრუებული. თეთრ სახლში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი მაკრონის განცხადებას მიუღებელი უწოდა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ლონდონის სამიტამდე ერთმანეთთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ირანისა და სირიის საკითხები.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია. თუ აშშ-ს პრეზიდენტი გააგრძელებს ორაზროვანი განცხადებების გაკეთებას, მაშინ გამოდის, რომ მაკრონი მართალია. ამიტომ, მინიმუმ რაც უნდა მოხდეს, აშშ-ს პრეზიდენტმა ორაზროვანი განცხადებები შეწყვიტოს, რომელიც ყველას აშინებს – რომ არ იციან რამდენად დაემხარებიან მოკავშირეს თუ თავს დაესხმებიან. ეს განცხადებები მაკრონს უბიძგებს თქვას, რომ „ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის”, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ნიკა ჩიტაძის თქმით, ემანუელ მაკრონი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ევროპაში აშშ-ის გეოპოლიტიკური გავლენების გაძლიერებისა და სწორედ ამით ხსნის საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც.

„აუცილებელია ნატო-ს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს შორის ურთიერთობები განმტკიცებული იყოს. დღეს საუბარი დაახლოებით ცხრა სახელმწიფოზე, რომელიც დაფინანსების მიმართულებით ნატო-ს სტანდარტებს აკმყოფილებს. ნატო-ს სამიტზე ალბათ ერთ-ერთი განსახილველი თემა ეს იქნება.

„საუბარი ასევე შეიძლება შეეხოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში ნატო-ს წევრი ქვეყნების დამატებითი საჯარისო კონტიგენტის განთავსებას.

„საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. საინტერესოა ისიც, რომ სამიტამდე მაკრონისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება. ალბათ ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„საფრანგეთი ყოველთვის იყო ინიციატორი იმისა, რომ გარკვეულწილად უფრო აქტიური როლი შეესრულებინა ევროპის უსაფრთხოების საქმეში. საფრანგეთი ყოველთვის უძალიანდებოდა აშშ-ს გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ევროპაში,” – ამბობს ჩიტაძე.

რაც შეეხება საქართველოს და ალიანსში მისი მიღების პერსპექტივებს, შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„საქართველოს გაწევრიანება ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში და რეალურად რომ ვთქვათ, არ ვიცით როდის დადგება, ჯერჯერობით აბსოლუტურად გაურკვეველია. ჩვენთვის კარგი იქნება თუნდაც ის, რომ ნატო შენარჩუნდეს, არ დასუსტდეს და იყოს ძლიერი, რომ ოდესღაც, თუ დრო დადგება, მიგვიღონ ნატო-ში,” – განაცხადა თორნიკე შარაშენიძე.

ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოს ალიანსში მიღების სამოქმედო გეგმა არ იქნება განხილული. იგი მიიჩნევს, რომ მომავალში აშშ-სა და ნატო-ს შორის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საქართველო უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, თანაც, ამერიკულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე მოლაპარაკებები უნდა გამართოს.

„არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ეს საკითხი იქნება განხილული, ასევე ნატო-ს გააქტიურების თემა შავი ზღვის რეგიონში. არ იქნება განხილული საკითხი – საქართველოს მიღება ნატო-ში მე-5 მუხლის გათვალისწინებს გარეშე.

„თუ ნატო-ს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის პრობლემები მომავალში იარსებებს, მგონია, რომ საქართველო უნდა გააქტიურდეს და აშშ-სთან მოლაპარაკება გამართოს, თუნდაც აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.