„სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ხელისუფლებას ხატის დაბრუნებას სთხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკომფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი მუშაობს დაკარგული რელიქვიის დასაბრუნებლად“. საუბარია ოქონის ტრიპტიქონზე, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. 

ჯიოევის თქმით, ხატი 1924 წლამდე ინახებოდა სოფელ თიღვის ეკლესიაში, შემდეგ იგი გადასცეს სამხერთ ოსეთის მუზემს, საიდანაც, 1991 წელს, ოქონის ტრიპტიქონი გაქრა, როდესაც ცხინვალის ნაწილი ქართულმა მილიაციამ დაიკავა. ჯიოევის განცხადებით, ხატი აღმოჩნეილი იქნა, 2002 წელს, როცა მისი გაყიდვა სცადეს ციურიხის აუქციონზე. ხატი ამოღებული იქნა  ციურიხის პოლიციის მიერ, რადგან უკანა მხარეს იყო წარწერა, რომ ხატი ეკუთვნის სამხრეთ ოსეთის მუზეუმს. 

ჯიოევის ცნობით, 2004 წელს დაკარგული რელიქვია „სამხრეთ ოსეთისთვის“ არ დაუბრუნებიათ, ისე გადასცეს საქართველოს.

ისტორიკოსთა თქმით, ოქონის ტრიპტიქონი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მის შესახებ პირველი ცნობები მე-12 საუკუნეს განეკუთვნება. ეს ხატი საქართველოში ბაგრატ IV-ის პირველმა მეუღლემ დედოფალმა ელენემ ჩამოიტანა, ხატი მისი მზითვის ნაწილი იყო.  

ბაგრატ IV-მ ოქონის ხატისთვის სპეციალცრი ტაძარი ააგო, რომელიც მოგვიანებით ძლიერი მიწისძვრისგან დაინგრა. მის ადგილზე პატარა ეკლესია აშენდა და სწორედ ამ ეკლესიაში აღმოაჩინეს მკლევარებმა ოქონის ტრიპტიქონის, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ბიზანტიური ხატწერის ადრეული სკოლის გამორჩეულ ნამუშევარზე ხატმწერმა მაცხოვარი და წმინდანები გამოსახა.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის თქმით, ეს სიწმინდე ქართული კულტურული მემკვიდრეობაა და აქ სადაო არაფერია.

„ეს ხატი ე.წ. სამხრეთ ოსეთის არ არის და არც შეიძლება მათი იყოს. ხატი ინახებოდა ზნაურის რაიოში ე.წ. სამხერთ ოსეთის ტერიტორიაზე და ეს არის საქართველოს ტერიტორია. ოქონში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე იყო ამირეჯიბების და ფალავანდიშვილების მამულები. გარდა იმისა, რომ საშინელი უსამართლობაა, რომ მიტაცებული აქვთ საქართველოს ტერიტორიები, კიდევ რაღაც პრეტენციები აქვთ. ეს სიწმინდე არის ქართული ხელოვნების ნიმუში, ქართული კულტურული მემკვიდრეობა და აქ სადაო არაფერია“, – განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი ოთხმეზურმა.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.