საუკუნის შუა პერიოდში, მზის სიკაშკაშე ოდნავ შემცირდება

საუკუნის შუა პერიოდში, მზემ შეიძლება ნაკლები რადიაცია გამოასხივოს და პლანეტა დედამიწას მისცეს შანსი, რათა შედარებით ნელა გათბეს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების პირობებში.

გაციება უნდა მოჰყვეს პროცესს, რომელსაც მეცნიერები მზის დიდ მინიმუმს უწოდებენ — პერიოდული მოვლენა, რომლის დროსაც მცირდება მზის მაგნეტიზმი, ისე ხშირად აღარ წარმოიქმნება მზის ლაქები, პლანეტის ზედაპირზე კი შედარებით ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენას იწვევს მზის მაგნიტურ ველთან დაკავშირებული შემთხვევითი რყევების არარეგულარული ინტერვალები.

მე-17 საუკუნეში, ევროპაში, მსგავსი მოვლენის კვალდაკვალ ცივმა პერიოდმა დაისადგურა, რომელსაც „მონდერის მინიმუმის“ უწოდეს. ამ პერიოდის გეოლოგიურ და ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა რეკონსტრუქცია შექმნეს.ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო, რომ გაიყინა მდინარე ტემზა. ბალტიის ზღვა კი იმდენად გაიყინა, რომ 1658 წელს, გაყინულ ზღვაზე, ქვეითად მსვლელობით, შვედეთის არმია თავისუფლად გადავიდა და დანიაში შეიჭრა.

სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკოსმა დენ ლუბინმა და მისმა ჯგუფმა, პირველად ისტორიაში, შეაფასეს თუ რამდენად უნდა ჩაბნელდეს მზე, რომ მოხდეს შემდეგი მინიმუმი.

არსებობს კარგად ცნობილი 11-წლიანი ციკლი, რომელშიც მზის ულტრაიისფერი რადიაცია პიკს აღწევს და შემდეგ, მზის ლაქების აქტივობის შედეგად, კვლავ მცირდება. ლუბინის შეფასებით, დიდი მინიმუმის დროს, ულტრაიისფერი რადიაცია შვიდი პროცენტით შემცირდება იმასთან შედარებით, ვიდრე ის ციკლის ყველაზე დაბალი წერტილის დროსაა.

„ახლა უკვე გვაქვს ნიშნული, საიდანაც შეგვიძლია შევასრულოთ კლიმატის მოდელების უკეთესი სიმულაციები. შესაბამისად, შეგვიძლია უკეთესი მოსაზრება გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ულტრაიისფერი რადიაციის ცვლილება კლიმატის ცვლილებაზე“, — ამბობს ლუბინი.

მზის შემცირებულ ენერგიას დედამიწაზე მოქმედებაში მოჰყავს ისეთ მოვლენათა თანმიმდევრობა, როგორიცაა მაგალითად სტრატოსფერული ოზონის ფენის გათხელება. ეს კი თავის მხრივ, ცვლის სტრატოსფეროს ტემპერატურის სტრუქტურას, რომელიც შემდეგ ცვლის ქვედა ატმოსფეროს დინამიკას, განსაკუთრებით ქარისა და ამინდის მახასიათებლებს. გაგრილება თანაბარზომიერი არაა. მაშინ, როცა მონდერის მინიმუმის დროს ევროპის გარკვეული ზონები გაიყინა, გათბა სხვა რეგიონები — მაგალითად ალასკა და სამხრეთ გრენლანდია.

ლუბინისა და მისი კოლეგების პროგნოზით, არსებობს დიდი მინიმუმის უახლოეს მომავალში დაწყების მნიშვნელოვნად მაღალი ალბათობა, რადგან მზის ბოლო ციკლის ლაქების მახასიათებელთა კლება ძალიან წააგავს წინა დიდი მინიმუმისას განვითარებულ მოვლენებს.

მიუხედავად იმისა, თუ რამხელა გავლენა იქონია ბოლო მონდერის მინიმუმმა დედამიწაზე, ლუბინის თქმით, მომდევნო მოვლენა ვერ შეაჩერებს ამჟამად მიმდინარე დათბობის ტენდენციას, მაგრამ შეიძლება, გარკვეულწილად შეანელოს.

დიდი მინიმუმის გაციების ეფექტი, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდით გამოწვეული დათბობის ეფექტის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბოლო ასობით ათასი წლის განმავლობაში, CO2-ის დონეს ჰაერში არასოდეს გადაუჭარბებია 300 ნაწილაკისთვის მილიონზე; მაგრამ ამჟამად, ამ სათბური გაზის კონცენტრაცია აჭარბებს 400 ნაწილს მილიონზე; ინდუსტრიული რევოლუციის დროს დაწყებული ზრდა კვლავაც გრძელდება.იმის შესაფასებლად, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ მონდერის მინიმუმის მსგავსი მოვლენა უახლოეს ათწლეულებში მოხდება, სხვა მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს.
ერთ-ერთმა ასეთმა კვლევამ შეისწავლა სამომავლო მონდერის მინიმუმის ტიპის მზის მინიმუმით გამოწვეული კლიმატის შედეგები. ამ მკვლევართა აზრით, 2020-2070 წლებში, 50 წლის განმავლობაში, მზის სრული სიკაშკაშე 0,25%-ით შემცირდება.

როგორც ამ კვლევამ დაადგინა, 2020 წლისთვის, მზის გამოსხივების თავდაპირველი შემცირებისას, ზედაპირის აირების გლობალური საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსი ცელსიუსის რამდენიმე მეათედით შემცირდება. მზის სიმულირებული დიდი მინიმუმის დასასრულს, მონდერის მინიმუმის სიმულირებულ მოდელში ტემპერატურამ კვლავ აიწია. შესაბამისად, ამ კვლევის მთავარი დასკვნა ისაა, რომ „მზის მომავალი დიდი მინიმუმი გლობალურ დათბობას შეანელებს, მაგრამ ვერ შეაჩერებს“.

კვლევა კალიფორნიის შტატმა დააფინანსა და გამოქვეყნდა Astrophysical Journal Letters-ში.

მომზადებულია ucsd.edu-ს მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: