საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე.

შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.