საქართველოს ახალი სამხედრო ფლოტი რუსული აგრესიის შესაკავებლად

საქართველომ შესაძლოა, სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღადგინოს, ნატო მის მოდერნიზებაში დახმარებას გვპირდება
ეკატერინე ბასილაია

“ნატო საქართველოს დაეხმარება სანაპირო დაცვის სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში”, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. თბილისში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია სანაპირო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა ძვირი სიამოვნებაა და თან, ამას 10 წელი ან შესაძლოა, მეტიც კი დასჭირდეს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ნატო-დან საქართველოს ხელისუფლებას ამ განცხადებით მინიშნება მისცეს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენა აუცილებელია და ახლა ძალიან ძვირ სიამოვნებასა და ათწლეულებზე საუბარი ქართული პოლიტიკური ელიტის არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

4-5 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება და მთავარი განსახილველი თემა აზოვის ზღვაში ინციდენტი და შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემაა.

ბრიუსელში ასევე იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი დავით ზალკალიანიც, ვინც ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაც გამართა.

მინისტერიალის გახსნამდე სტოლტენბერგმა გააკეთა განცხადება, რომ “ნატო საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მოდერნიზებასა და ასევე – სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე”.

მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან და ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისათვის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევას.

სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ დაჰპირდა საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას და განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის.

სამხედრო-საზღვაო ძალები საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს გაუქმდა. წლებია, სამხედრო წრეებში მუდმივად არის იმაზე საუბარი, რომ ეს იყო მცდარი ნაბიჯი, საქართველოს სჭირდება საზღვაო ფლოტი და გაუგებარია, რატომ ამ მუშაობს ამ მიმართულებით ხელისუფლება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როდესაც ბრიუსელში შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატო-ს ძალების უფრო გაძლიერებაზე დაიწყო საუბრები, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია სამხედრო ფლოტისა, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული.

“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამხედრო ფლოტისა საქართველოში. რატომ? ეს არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ პრიორიტეტებს ვსახავთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას”, – განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.

იზორიამ მაშინ თქვა, რომ სანაპირო დაცვა შს სამინისტროს ფარგლებში ძალზე ეფექტურად მუშაობს. ამ მიმართულებით ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს, ამიტომ უმჯობესია, არსებული განვითარდეს, ვიდრე ახალი შეიქმნას.

რას ნიშნავს ნატო-ს გენმდივნის განცხადება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატო-ს რეკომენდაციაა, საქართველომ საზღვაო ფლოტის აღდგენა დაიწყოს და რა პოზიცია აქვს დღეს თბილისს – დგას თუ არა უკვე დღის წესრიგში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენის საკითხი?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე.

 “დავიწყებ იმით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნატო-ში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემაა და მინისტერიალზე მთავარი თემა სწორედ ესაა. აქ ჩვენი როლიც ძალიან მაღალია, რამდენადაც ვართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდია აშშ-ის როლი და საზღვაო აკვატორიის დაცვის გაძლიერებისათვის აშშ-მა ჩვენ რამდენიმე გემი უკვე გადმოგვცა.

“ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ კონტექსტში უკვე მომავალში შეიძლება, საზღვაო ძალების აღდგენის საკითხიც დადგეს, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო შორეული პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ, რომ საზღვაო აკვატორია იყოს დაცული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით და ჩვენს ქვეყანას გააჩნდეს ის მცურავი საშულებები, რომლებიც შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ. შესაბამისად, ეს იქნება ნატო-ში ჩვენი წვლილი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით”, – ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, საზღვაო ძალები – ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თვლის, რომ ეტაპობრივი პროგრესისა და რეფორმების ხარჯზე უნდა მივიდეთ იმ მოცემულობამდე, როცა “შეიძლება ვიფიქროთ საზღვაო ძალებზე”.

დეპუტატი ამბობს, რომ 2009 წლამდე სამხედრო-საზღვაო ძალები მხოლოდ ფურცელზე არსებობდა და ფუნქციონალურად არაფრის მომტანი არ იყო.

“უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა იყოს მიღწეული, ეს არის დასაწყისი. საზღვაო ძალები მართლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ეს ერთ დღეში არ კეთდება, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ, მათ შორის – პერსონალის მომზადება, შესაბამისი წვრთნების ჩატარება, თანამშრომლობა ამ მიმართულებით, ეს გზა ეტაპობრივად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე. საერთო ჯამში ამას წლები სჭირდება, შეიძლება, 10-იც და შეიძლება, მეტიც”, – დასძენს სესიაშვილი.

უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატო-ს გენმდივანმა გვითხრა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია, ამ დროს კი პოლიტიკოსების მხრიდან საუბარი ძვირ სიამოვნებაზე სირცხვილი და არაკომპეტენტური დილეტანტიზმია.

“ჩვენ 9 000-კილომეტრიანი საზღვაო აკვატორია გვაქვს, რომელიც ფაქტობრივად დაუცველია. ნატო-ს გენმდივანი არ უნდა გვაძლევდეს სამართლიან შენიშვნას. ეს სამარცხვინოა. იმას უფრო ესმის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ძირითადი მიმართულებები რა უნდა იყოს და არ ესმის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერშიპს. ეს არის ნამდვილი ტრაგედია.

“მეორეც, სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენას არ სჭირდება კოლოსალური თანხები. თავად რაში ხარჯავენ ფულს, როგორ ფლანგავენ ფულს? რომ არა აშშ-ის პირდაპირი დახმარება, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უარეს დღეში იქნება. სულ მცირე, საზღვაო ავიაციის ელემენტების საშუალება ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

“არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შემუშავებული აქვთ ძალიან კარგი გეგმა. იგივე დავით თევზაძის გუნდი, მათ შემუშავებული აქვთ პროექტი, როგორ შეიძლება, საქართველომ მოკლე ხანში ძალიან ნაკლები დანახარჯებით აღადგინოს სამხედრო-საზღვაო ძალები, რომ რუსეთისგან მომავალი აგრესიისაგან თავის დაცვა შევძლოთ.

“ახლა ილუზიები არავის აქვს და ვერავინ აღუდგება წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არმადას, მაგრამ ელემენტარულად ამ არმადამ რომ თავი შეიკავოს და გათვალოს, რომ რაღაც გარკვეულ ზარალს მიიღებს, ეს მნიშვნელოვანია.

“დიდი მადლობა ნატო-ს გენერალურ მდივანს. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები კი დილეტანტური და არაპროფესიულია. საზღვაო ძალების აღდგენა დამატებითი თავის ტკივილია, დამატებითი მუშაობაა, ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ამ ადამიანებს შრომა არ უნდათ”, – ამბობს მაისაია.

წყარო: resonancedaily.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.