საქართველოს დროშა მსოფლიოში სიძველით მეორეა (ვიდეო)

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორე ადგილზეა,- განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ. 

„ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა უძველესი დროშაა, ჩვენ მეორე ქვეყანა ვიყავით დანიის შემდეგ, რომელსაც დროშა ჰქონდა და ეს დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ“-განაცხადა შენგელაიამ. 

კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვრია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. 

„მე-13 საუკუნის დროშა პირდაპირ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ ისე, რომ მასში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა“ —აღნიშნა ელდარ შენგელაიამ. მისი თქმით, სანამ ხელისუფლება 1918-21 წლების ჟორდანიას მთავრობის დროშას ახლით ჩაანაცვლებდა, მის გარშემო დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ჩვენ თბილისში ძველი დროშის შავ-თეთრი გამოსახულება ვნახეთ, რითაც ვერ მტკიცდებოდა რომ ის საქართველოს დროშა იყო. ამიტომ მე გავემგზავრე პარიზში, სადაც საფრანგეთში საქართველოს მაშინდელი ელჩთან გოჩა ჩოგოვაძესთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიულ განყოფილებაში მოვნახე ორი პორტულანი, ანუ საზღვრო რუკა, რომლებიც მე-14 საუკუნეს მიეკუთვნებოდა და სადაც ჩვენ ვნახეთ ციხე-სიმაგრეები წარწერით „ტიფლისს“. სწორედ მათზე იყო აღნიშნული ეს ხუთჯვრიანი დროშები. ადრე მეგონა, რომ „ტიფლის“ ეს რუსული გამოთქმა იყო, თურმე არაბული ყოფილა“- გვიამბო ელდარ შენგელაიამ. ხუთჯვრიან დროშას ზოგი ისრაელის სახელმწიფოს აკუთვნებდა, ზოგი კიდევ ჯვაროსნების სიმბოლოებს ამსგავსებდა.

„ისრაელის სახელმწიფო დროშა მწვანე ფერისაა. ჯვაროსნებს კი მართალია ჰქონდათ მსგავსი დროშა, მაგრამ ის სხვა კონფიგურაციის იყო, განსხვავებული იყო ჯვრის ფორმა. ჰერალდიკაში კი ერთ პატარა შტრიხს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს.“- განმარტა შენგელაიამ. მისი თქმით, 2004 წელს პირველი ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა საკუთარი ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცება იყო.

„ჩვენ ერს უკვე გათავისებული აქვს ეს დროშა. მას უკვე ბევრგან იყენებენ და მე მგონი უკვე ყველასათვის ნათელია რომ ეს არის ჩვენის სახელმწიფოს სიმბოლო“-თვლის შენგელაია. 

http://sputnik-georgia.com/

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.