“საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია”

ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და დამსწრეებს საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

კობახიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ ამ ოთხ პუნქტიანი გეგმით საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება.

”ეკონომიკური განვითარება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რათა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელით ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში, საშუალო პერსპექტივაში, რათა საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე და უზრუნველვყოთ ცენტრალური ევროპული ეკონომიკური განვითარება, რაც ჩვენი ამბიციური მიზანია. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, მმართველობისა და ინფრასტრუქტურის რეფორმას მოიცავს. გვწამს, რომ ამ ოთხპუნქტიანი გეგმით საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება. უკვე ვხედავთ ამ გეგმის ეფექტურობის პირველ შედეგებს. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.8 % იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და როდესაც ვამბობ რეგიონს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ უფრო ფართო რეგიონს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და ამ მიზნის შესასრულებლად, სხვადასხვა ღონისძიებას ვახორციელებთ.

”ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ავტობანი, რომელიც საქართველოს დასავლეთ საზღვრებს აღმოსავლეთ საზღვრებთან დააკავშირებს და ჩვენი მიზანია, ეს მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ამერიკული ინვესტიციებით ვაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე და ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, ის ევროპას აზიასთან, დასავლეთს – აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს ისტორიული ფუნქცია აღვუდგინოთ. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანასთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა ამ მიზნის შესრულება უზრუნველვყოთ. საკმაოდ წარმატებულები ვართ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ასევე, თურქეთთან და ჩინეთთან. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან. ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ინვესტიციებს და ბიზნესის კეთებას – ამ მხრივაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ბიზნესის კეთების რეიტინგი, სადაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს იკავებს, რაც უდიდესი მიღწევაა და კიდევ ერთხელ ახდენს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ეფექტურობის დემონსტრირებას. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ იყოს განვითარების საუკეთესო მაგალითი რეგიონში.

”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი ძლიერი და ერთგული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ეს დამოკიდებულება ასახულია ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საპარლამენტო რეზოლუციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე იქნა მიღებული და სადაც გაცხადებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: bfm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: