საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა იწყება

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დღეს, 8 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში ქონების აღრიცხვისთვის მონაცემები გადაეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების აღრიცხვა არის აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგისტრაციამდე დაუშვებელია აღრიცხული ქონების მიმართ რაიმე სახის გარიგების დადება. დოკუმენტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების აღრიცხვა არ წარმოშობს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

ეს წესი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე. ასევე არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებზეც  გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.