საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე.
პლენარული სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.