“საქართველოს რკინიგზაში 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები”- ვასო ურუშაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“-მ 11 თებერვალს,   “The Biltmore Hotel Tbilisi”-ში „სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში,  ტრანსპორტის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საჯარო დისკუსია მოეწყო. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ეკონომიკისა და  ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე  ექსპერტები.

შეხვედრის  ფორმატში “HUB Georgia”-ს ექსპერტების მიერ  წარმოდგენილი კვლევა  ასახავდა ტრანსპორტის სექტორში (საზღვაო, რკინიგზა, ავიაცია, საავტომობილო) არსებულ მდგომარეობას და ტენდენციას.  

შეხვედრის  მიზანი იყო, ტრანსპორტის სექტორთან  დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხის გლობალურ ჭრილში განხილვა და საქართველოს  ეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან  გამომდინარე, პოლიტიკური კონსესუსის მიღწევა.  

„არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-მ შეისწავლა 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა, რათა ორგანიზაციის ექსპერტებს გვქონოდა შესაძლებლობა გაგვევლო პარალელები საქართველოში არსებულ რეალობასთან. მიუხედავად იმისა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს მთავრობამ მიიღო 750 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, შეემუშავებინა სატრანსპორტო სექტორის განვითარების სტრატეგია, დღეს ქვეყანას არ გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკა, შემუშავებული დოკუმენტი კი ეკონომიკის სამინისტროში უფუნქციოდ თაროზეა შემოდებული. 

სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ არის შემცირებული. შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე. ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. 

საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით არის შემცირებული და ნაცვლად განვითარებისა ის საქართველოს ეკონომიკაში  შავი ხვრელის როლს ასრულებს.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების დონე არც თუ ისეთი მაღალია, არსებულ მდგომარეობას რკინიგზის განვითარების დონე ერთი საუკუნით ჩამორჩება. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია ქვეყანა „Doing Business“-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს.“ – ვასო ურუშაძე

mkhare.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.