საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას გმობს.

ამ შინაარსის განცხადება საგარეო უწყებამ გაავრცელა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას“.

„სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპანტებმა ატოცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.