„საქართველოს სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა“

„იმის ფონზე, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციისთვის, საქართველო, რეიტინგის ტოპ-ოცეულშიც კი ვერ მოხვდა და რეგიონში ყველა ქვეყანამ გაგვისწრო“-ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი,თამთა შამათავა აცხადებს.

მისი მოსაზრებით,  ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. როგორც შამათავა აცხადებს,  საქართველოში არის 80 აუთვისებელი კურორტი, რომელიც მსოფლიო დონის დასასვენებელ ადგილად შეიძლება იქცეს. მათ შორის,  სარეაბილიტაციო ტურიზმის მიმართულებით, საქართველო უკონკურენტოა რეგიონში და ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

შამათავას ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, 4 თებერვალს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. სამუხაროდ, საქართველო 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებში ვერ მოხვდა, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები რეიტინგის ტოპ ოცეულში იკავებენ ადგილს.

„მაგალითისთვის, სომხეთი მე-12 ადგილზეა და გასულ წელს 14,4%-იან ზრდას აჩვენებს ტურიზმის სექტორში. აზერბაიჯანი მე-17 ადგილს იკავებს, თურქეთმა კი მე-13 ადგილი დაიკავა და ტურიზმის სექტორის 14%-იანი ზრდა აჩვენა.სამწუხაროა, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე საქართველო, ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი დეკლარირებულია, როგორც პრიორიტეტული მიმართულება, დღემდე ვერ ვახერხებთ რესურსების ათვისებას და გარღვევას მსოფლიო ბაზარზე“-აცხადებს შამათავა. 

მისივე მტკიცებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ქვეყნის მარკეტინგში საზღვარგარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით არაფერი იცვლება. „აქ ჩამოსულ ტურისტს ისევ ხვდება მოუწესრიგებელი ინფრატრუქტურა, წყლის პრობლემები და დაბალი სერვისი. ამას წლევანდელი ზამთრის სეზონის ჩავარდნა და გუდაურიდან და ბაკურიანიდან გაქცეული ტურისტებიც მოწმობს“-აღნიშნავს შამათავა. 

მისი განმარტებით,  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს მასშტაბური, მეგაპროექტების დეფიციტი, რომლის გარეშეც ტურიზმის სწრაფი და ეფექტური განვითარება მოკლე დროში შეუძლებელია.დარწმუნებული ვარ, არც იციან, რომ მაგალითად, საქართველოში გვაქვს 80 აუთვისებელი საკურორტო ადგილი, სადაც მსოფლიო დონის კურორტების მოწყობა შეიძლება.

„გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის ის, რაშიც ათჯერ მეტს იხდის ამ მისიით ჩამოსული ადამიანი. თუ ერთი ტურისტი საშუალოდ ხარჯავს 200-300დოლარს, გამაჯანსაღებელ ტურიზმს ერთ ადამიანზე მოაქვს საშუალოდ 2000 დოლარი. ჩვენ შეგვიძლია ეს ნიშა დავიკავოთ რეგიონში, თუმცა ამას სჭირდება აქტიური მუშაობა, რითაც არსებული ხელისუფლება ვერ და არ გამოირჩევა,” – განაცხადა თამთა შამათავამ.

ბაჩო ადამია 

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.