საქართველოს შეფერხებული ანტიკორუფციული რეფორმები: შეუსრულებელი რეკომენდაციები

2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია რიგი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეკომენდაციებისა, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვა, ანტიკორუფციული ნორმების პრაქტიკაში აღსრულება, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობა, სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლება და კორუფციის პრევენცია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

კერძოდ, სტამბოლის სამოქმედო გეგმა (Istanbul Action Plan) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (ACN) მიერ 2003 წელს წამოწყებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ანტიკორუფციული რეფორმების ხელშეწყობას თითეულ მონაწილე ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის ანალიზის, რეკომენდაციების მომზადების და მათი განხორცელების მონიტორინგის გზით. საქართველოს გარდა, პროგრამის მონაწილეები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

OECD-ის ანტიკორუფციულმა ქსელმა საქართველოს შესახებ მონიტორინგის ბოლო ანგარიში 2016 წელს დაამტკიცა. იმჟამად არსებული მდგომარეობის ანალიზთან ერთად, ანგარიში შეიცავდა რეკომენდაციებს მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად.

ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს საქართველოს მიერ 2016 წელს დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებული პროგრესის შესახებ. ბოლო ასეთი ანგარიშის თანახმად, რომელიც 2019 წლის მარტში იქნა მიღებული, რეკომენდაციების 81 პუნქტის უმრავლესობაში საქართველოს პროგრესი არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით, შეუსრულებელი რჩება შემდეგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:

• ანტიკორუფციული საბჭოს პრაქტიკის გადასინჯვა მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებთან და კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

• რეგულარული სოციოლოგიური კვლევების ჩატარება ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მხრივ არსებული პროგრესის შესაფასებლად.

• პარლამენტისთვის ანგარიშების რეგულარულად წარდგენა ანტიკორუფციულ საქმიანობაში პარლამენტის წევრების ჩართვისა და საბჭოს ხილვადობის გაზრდის მიზნით.

• ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესებისა და სხვა ანტიკორუფციული შეზღუდვების აღსრულების მხრივ სხვადასხვა ინსტიტუტის როლების დაზუსტება, სამინისტროებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებში შიდა აუდიტის სამსახურების ან სხვა შესაბამისი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე იმ შესაძლებლობის განხილვა, რომ მსხვილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაწესდეს სპეციალური მოხელის თანამდებობა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების და სხვა შეზღუდვების აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

• შედეგების ინდიკატორების შემუშავება და რეგულარული სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა გაიზომოს მთლიანად საჯარო სამსახურში და ცალკეულ ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მხრივ მიღწეული პროგრესი.

• უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სახელმწიფოს ძირეული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა თანამდებობა საჯარო სამსახურის კანონმდებლობის მოქმედების სფეროში მოექცეს.

• მინისტრებისთვის საჯარო სამსახურის დატოვების შემდგომი („მბრუნავი კარის“ საკითხთან დაკავშირებული) შეზღუდვების დაწესება კანონში და მათი აღსრულების ქმედითი მექანიზმის შექმნა პრაქტიკაში.

• ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის, ასევე ინტერესთა კონფლიქტისა და უკანონო გამდიდრების შემთხვევების სიხშირეზე მისი გავლენის შეფასება.

• ქმედითი სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა დაუსაბუთებელი გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მიზნით.

• სასამართლოების თავმჯდომარეთა იმ უფლებამოსილებების გაუქმება, რომლებიც მოსამართლეთა კარიერას, მათ მატერიალურ უზრუნველყოფას და პასუხისმგებლობას უკავშირდება, ასევე სხვა უფლებამოსილებებისა, რომლებმაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე შეიძლება მოახდინონ გავლენა.

• გაგრძელდეს რეფორმა, რომლის მიზანია პროკურორთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისა შემდომი განმტკიცება. განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ პროკურორების დანიშვნის, დაწინაურების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გატარების და მათი დათხოვნის საკითხებში წამყვანი როლი დაეკისროს საპროკურორო საბჭოს ან პროკურორთა თვითმმართველობის სხვა ორგანოს, რომელიც მთავარი პროკურორისგან დამოუკიდებელი იქნება.

• განხილულ იქნეს ანტიკორუფციული გამოძიებების უფლებამოსილებების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განცალკევების შესაძლებლობა.

• შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ინფორმაციაზე წვდომის უფლების განხორციელებას (როგორც ცალკე საჯარო ინსტიტუტი ან როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პაუსხისმგებელი ინსტიტუტის ნაწილი) და აღჭურვილი იქნება სათანადო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებით შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების მხრივ.

• იურიდიული პირებისთვის დაწესდეს ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნების ვალდებულება, რაც ცენტრალიზებული რეესტრის საშუალებით განხორციელდება, ხოლო შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით გამოქვეყნდეს. დაწესდეს ქმედითი სანქციები ამ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობისა და ყალბი ინფორმაციის წარდგენისთვის.

• გაუმჯობესდეს კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვის მარგულირებელი წესები და დაწესდეს სავალდებულო აკრძალვა იმ კომპანიებისა და კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კორუფციულ დანაშაულში არიან მხილებულნი. გაუმჯობესდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები.

http://forbes.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.