საქართველოში დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი 0,7 ქულით გაუარესებულია

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,Freedom House ’’ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ  აქვეყნებს მორიგ შეფასებას, სადაც  შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში.

„Freedom House’’ –ის განცხადებით, 29-დან 19 ქვეყანაში გაუარესებულია დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა.    შეგახსენებთ, რომ შეფასება  კი ხდება 7 -ქულიანი სისტემით, სადაც  1 არის საუკეთესო  მაჩვენებელი, ხოლო 7-  დაბალი.

დემოკრატიის საერთო მაჩვენებლის გაუარესების ძირითად  მიზეზად  დასახელებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზება, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ „რუსთავი 2“-ზე ზეწოლა მის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებებით,  ტელეკომპანიების „მაესტრო“-ს და „GDS”-ის საკონტროლო აქციების გაერთიანება და „იმედი“-სთვის გადაცემა,  თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით,  4,75-დან 5-მდეა გაუარესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. აქვე  აღნიშნულია, რომ  რეფორმების მიუხედავად , მაღალია სასამართლო სისტემის პოლიტიზების და სასამართლოსადმი საზოგადოების უნდობლობის დონე.   რეიტინგის გაუარესების მთავარ  მიზეზებს შორის დასახელებულია ისევ  აფგან მუხთარლის გატაცების და „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საქმეები.  ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია სისხლის სამართლებრივ დევნაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეჭვებზე შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ.  ყურადღება გამახვილებულია   მარიხუანის შენახვის ბრალდებით დაკავებული ბექა წიქარიშვილის საქმეზეც.

2018 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,  საქართველოს რეიტინგი უცვლელია ხუთ სფეროში – ცენტრალური დემოკრატიული მმართველობა (5,50), საარჩევნო პროცესი (4,50), სამოქალაქო საზოგადოება (3,75), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა ( 5,25) და კორუფცია(4,50).

რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას,  საქართველო დემოკრატიის მაჩვენებლით ლიდერობს.   სომხეთში  დემოკრატიის მაჩვენებელი შეადგენს  5,53 ქულას,  რუსეთში კი  6.61 ქულა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი დემოკრატიის მაჩვენებელი უცვლელია და კვლავ 6.93 ქულას წარმოადგენს.

გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს შორის ესტონეთი 1.93 ქულით, დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლით, პირველ  ადგილზეა.

ანა ბაჟუნაიშვილი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.