საქართველოში დემოკრატიისგან უკუსვლა შეინიშნება – კურტ ვოლკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღწეული დემოკრატიული პროგრესისგან უკუსვლა შეიმჩნევა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება. ვოლკერმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად ასე დაყოფილი საქართველო არასდროს ახსოვს.

„არის უკუსვლის რისკი. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, მთელი რიგი ნაკლოვანებებით გამოირჩეოდა“, – განაცხადა ვოლკერმა, რომელიც ნატოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იყო 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური რყევების დასარეგულირებლად საკმარისი დრო აქვს მანამ, სანამ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„დარწმუნდით, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს იქნება ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იმ არჩევნებს შორის, რომელიც ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.