“საქართველოში მედიკამენტების ფასები არ არის მაღალი, უბრალოდ თუ ადამიანს დაბალი შემოსავალი აქვს, 10-ლარიანი წამალი ძვირი ჰგონია”

“თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10-ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით”, – აღნიშნული განცხადება ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა ტელეგადაცემაში “ბიზნესკონტაქტის” მსვლელობისას გააკეთა. ამასთან, მისი მტკიცებით, სადღეისოდ ფარმაცევტულ ბაზარზე არც მონოპოლია არსებობს და “ბაზარი თავისუფალია”.

“ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში, არ არსებობს არანაირი შეთანხმებები ან მონოპოლია, ბაზარი შეზღუდული არ არის. ამის დასტური ის კომპანიებიცაა, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია. დახურული რომ იყოს, „ჰუმანითი ჯორჯიაც“ ვერ შემოვიდოდა და ახალი აფთიაქებიც არ გაიხსნებოდა. ზეკონკურენცია არის ისეთი რამ, როდესაც კომპანიები მედიკამენტებს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა კომპანიების მასშტაბის შემცირება, ან ბაზრიდან გასვლა და გაკოტრება” – განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება წამლების ღირებულებას, მისი შეფასებით, “საქართველოში ფასები არ არის მაღალი, უბრალოდ, სამწუხაროდ, მოსახლეობის შემოსავალია დაბალი, ხოლო თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10-ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი”.

“ეს არის ოპტიკური ტყუილივით. მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება. რაც შეეხება ფსევდოექსპერტების განცხადებებს, ვიტყვი, რომ მათ ძალიან უყვართ სხვისი ფულის დათვლა, ამიტომაც ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს. 22 წლის ნამძილზე ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული მოსახლეობაზე, მათ შორის – ფასებით. ამასთანავე, თუ რამე მოგება გვქონია, ისევ საქართველოს ეკონომიკაში შეგვიტანია”, – დასძინა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის: კონკურენციის სააგენტომ ამასწინათ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე უარი განაცხადა.

accentnews.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.