საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება

გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამისხელმძღვანელი მაია ქურციკიძის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში,  ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.-აცხადებს მაია ქურჩიკიძე.

გაეროს რეკომენდაციები

აეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის

ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ – გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის.

ეს რაც შეეხება გაეროს რეკომენდაციებს,  ახალ მთავრობას  წერილობით მიმართა ასევე საქართველოში იუნისეფის ბავშვთა ფონდმაც,   სადაც კონკრეტული სამოქმედო მიმართულებებია წარმოდგენილი, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე – შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის“…

ასევე,   მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში, „ ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე.  ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია   ამ ეტაპზე იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

წყარო:geomediapress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.