“საქართველო და სომხეთი ძარღვებით არიან გაერთიანებულნი“ – სომხური გამოცემა “ლრაგირ”

“საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის შედეგები სომხეთისათვის”, – ამ სათაურით სტატიას სომხური გამოცემა “ლრაგირ” აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი აკოფ ბადალიანი წერს, რომ დღევანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 წლის ვითარებისაგან და დღეს საქართველო და სომხეთი ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი – „ძარღვებით არიან გაერთიანებულნი“.
სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ  ამ პროცესის ჩასაშლელად რუსეთის რადიკალური ძალები ცდილობენ ვაჭრობა ტერიტორიული მთლიანობით დაიწყონ, რაც საქართველოსთვის მტკივნეულია.
“პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ აშკარაა, საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების თაობაზე მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს.
თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელიც გრიგორი კარასინმა პრაღაში შეხვედრის წინ (25 იანვარს) რუსეთის გაზეთ «КоммерсантЪ»-ს მისცა და აღნიშნა:

„დიახ, სომხეთმა დახმარება გვთხოვა, მაგრამ რადგანაც შეთანხმებაში მესამე ქვეყნები, ანუ სომხეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, დოკუმენტი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს ეხებაო“. არადა, მოსკოვი აშკარად ცდილობს ამ შეთანხმებაში როგორღაც შეტენოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი და ამრიგად, საქართველო მათთან კონტაქტებზე აიძულოს. რუსეთის მცდელობა, თავის მხრივ, მიუღებელია საქართველოსთვის და რთული არაა იმის ვარაუდი, რომ უახლოეს მომავალში თბილისი ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამს.
ერთი წლის წინ სომხეთი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის საკითხში უფრო მეტ ოპტიმიზმს ამჟღავნებდა – მთავრობამაც კი ღია ტექსტით დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ზემო ლარსის ალტერნატივა უკვე ვიპოვეთო, მაგრამ ახლა დავრწმუნდით, რომ რუსეთმა პოზიცია გაამკაცრა. რა შეიძლება იყოს კრემლის მკაცრი მიდგომის მიზეზები?
გავიხსენოთ, რომ რომ საქართველომ ბოლო დროს ნატოსთან ინტეგრირება გააღრმავა: ამერიკისაგან თბილისმა ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“ მიიღო. ამიტომ რუსეთი, ალბათ, გაცოფებულია იმის გამო, რომ საქართველო, ერთი მხრივ, მასთან მოლაპარაკებას მართავს და მეორე მხრივ, აშშ-სთან და ნატოსთან ურთიერთობას აღრმავებს და თავისი უსაფრთხოების სისტემას ამტკიცებს. მართალია, ნატო საქართველოს მიმართ საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს და, რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, მის გაწევრიანებას არ ჩქარობს, მაგრამ ამ ფონზე სხვა ხმებიც გაისმის: აშშ-ის კვლევითმა ორგანიზაციამ Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ ნატოში მისი მიღების დროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ძალა არ გავრცელდებოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
იყო თუ არა ამ მოხსენების გამოქვეყნება პროვოკაცია? შესაძლოა. არაა გამორიცხული, რომ ამ „პროვოკაციის“ ერთ-ერთი „ეფექტი“ სწორედ პრაღის მოლაპარაკების „არაეფექტური შედეგი“ გახდა.
დღევანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 წლის ვითარებისაგან, როცა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება მიმდინარეობდა შეთანხმების დადების მიზნით. დღეს საქართველო და სომხეთი ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი – „ძარღვებით არიან გაერთიანებულნი“. ამ პროცესის ჩასაშლელად რუსეთის რადიკალური ძალები ცდილობენ ვაჭრობა ტერიტორიული მთლიანობით დაიწყონ, რაც საქართველოსთვის მტკივნეულია. გამოდის, რომ რუსეთი მომავალშიც საკუთარი პოლიტიკის მძევალი იქნება“. – ვკითხულობთ სტატიაში.

 წყარო: ghn.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.