საქართველო მიეკუთვნება ევროპას, როგორც ქრისტიანულ რელიგიაზე აგებულ ცივილიზაციას

საქართველო მიეკუთვნება ევროპას, როგორც ქრისტიანულ რელიგიაზე აგებულ ცივილიზაციას. ჩვენ, როგორც ძირითადად ქრისტიან ქართველებს, ნათლად გვაქვს გააზრებული, რომ ევროკავშირი ქრისტიან-დემოკრატების ღვაწლის შედეგად აგებული გაერთიანებაა. ქრისტიანობა არამარტო ევროპული ცივილიზაციის საფუძველი, არამედ ევროკავშირის ერთერთი ფუძემდებლური იდეოლოგია და ევროპის დღემდე დომინანტური რელიგიაა.

  • ევროპელთა 72% ქრისტიანია. აქედან 45.3% კათოლიკე, 11.1% პროტესტანტი, 9.6% კი — მართლმადიდებელია. შესაბამისად, მართლმადიდებლობა ევროპის სიდიდით მესამე რელიგიაა (წყარო: Eurobarometer, 2015; Pew Research Centre 2018).
  • ევროპაში გაწევრიანებას არავითარი გავლენა არ ექნება მართლმადიდებლობის თუ სხვა რელიგიის მომავალზე საქართველოში. ევროპული კავშირი არ ერევა წევრი სახელმწიფოებისა და მათი რელიგიების ურთიერთობებში. ევროპულ კავშირში, თითეული წევრი სახელმწიფო თვითონ ადგენს რელიგიის სამართლებრივ სტატუსს ქვეყნის შიგნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში, საქართველო არ იღებს არანაირ ვალდებულებას მიიღოს რაიმე სახის კანონი, რომელიც რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას არეგულირებს. ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ერთადერთი ორგანო, რომელსაც ექნება უფლება დაადგინოს რელიგიის სტატუსი, მისი დაფინანსებისა და უფლებრივი მდგომარეობის საკითხები, კვლავ საქართველოს პარლამენტი იქნება — ზუსტად ისე, როგორც დღეს. მაგალითად, რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ევროკავშირისგან 6 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება აქვს მიღებული და იმავე დროს, ბრიუსელში თავისი სპეციალურის წარმომადგენლობაც გააჩნია.
  • ფორმალურად, ევროპა არც სეკულარული არ არის. რა თქმა  უნდა, ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობაში გვხვდება გამიჯვნა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მაგრამ, ამაში ორიგინალური არაფერია. იგივე მუდმივად გვხვდებოდა და გვხვდება საქართველოშიც. ჯერ კიდევ საქართველოს 1921 და 1995 წლების კონსტიტუციებში სახელმწიფოსა და რელიგიის ქმედების არეები უკვე გამიჯნული იყო და დღესაც ასეა. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, არც ამ მიმართულებით არ იცვლება არაფერი. ევროკავშირი არ გვავალდებულებს მივიღოთ ერთი თუ მეორე სახის  კანონი რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებაზე. ამას მოწმობს ისიც, რომ ევროკავშირის ზოგ სახელმწიფოში, მაგალითად მართლმადიდებელ რუმინეთში, სეკულარიზმი მხოლოდ ფორმალურად არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ევროკავშირის ოთხ სახელმწიფოში ქრისტიანობა არამარტო დომინანტური, არამედ საერთოდაც სახელმწიფო რელიგიაა. ევროპა “ათეისტური” რომ ყოფილიყო, როგორც რუსული პროპაგანდა ხშირად ამტკიცებს, მის წევრ სახელმწიფოებს ოფიციალური სახელმწიფო რელიგია ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნებოდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში — დანიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, მალტასა და საბერძნეთში — ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული. 2000 წლამდე, ქრისტიანობა შვედეთის სახელმწიფო რელიგია იყო. სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ქრისტიანობას დღემდე აქვს რამდენიმე ისეთ ევროპულ ქვეყანაშიც რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, მაგალითად ისლანდიაში, ლიხტენშტეინში და ნორვეგიაში.

რუსული პროპაგანდა სისტემატიურად ცდილობს თქვენს მოტყუებას, რომ ევროპა ანტი-რელიგიური, ანტი-ქრისტიანული და ათეისტური სივრცეა. რუსულ დიზინფორმაციულ მანქანას სურს თქვენ დაგაჯეროთ, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრება ქრისტიანულ იდენტობაზე უარის თქმას, ათეიზმის მიღებას და ურწმუნოებას ნიშნავს. სინამდვილე კი მკვეთრად განსხვავებულია. ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია; ევროკავშირის ოთხ სახელმწიფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიაა (აქედან ერთერთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა). თანამედროვე ევროკავშირში ჯამში ოთხი მართლმადიდებელი სახელმწიფოა (საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი). ისტორიული სინამდვილე მოწმობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას არც რელიგიურობის ბედზე, არც ეკლესიების სამართლებრივ სტატუსზე და არც მათ ძლიერებაზე არ ჰქონია ნეგატიური გავლენა.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#ძალაჩვენშია

მასალა მომზადებულია Eurobarometer, 2015 და Pew Research Centre 2018-ის კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.

infoarmy.ge

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.