საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად და რეგიონული ბალანსის შესაცვლელად ემზადება – Lragir

საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად და რეგიონული ბალანსის შესაცვლელად ემზადება, – ამის შესახებ სტატიას სომხური Lragir აქვეყნებს.

სტატიაში განხილულია საქართველოს ბოლო საგარეოპოლიტიკური მოვლენები – გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ბელგიაში (ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში) და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი აფხაზ-ოსებთან დიალოგის დაწყების მიზნით. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თბილისის ნაბიჯებს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისათვის და საერთოდ, რეგიონის სახელმწიფოებისათვის?

„არაა გამორიცხული, რომ უკვე ამ ზაფხულს, ნატოს სამიტისათვის, საქართველომ ალიანსში შესვლის „საშვი“ მიიღოს. ექსპერტები სულ უფრო დარწმუნებით ამბობენ, რომ ამ მიზნით ალიანსმა შეიძლება თავისი წესდებაში (ანუ 1949 წელს ხელმოწერილ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში) ცვლილება შეიტანოს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი თავის ინტერესს სამხრეთ კავკასიისადმი არ მალავს.

რატომაა პატარა საქართველო ასე მნიშვნელოვანი ალიანსისათვის? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ჩვენს რეგიონში დღეს არსებული ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს პროცესი არ შეიძლება, პირდაპირ თუ ირიბად, არ შეეხოს სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს და თურქეთს. როგორ განვითარდება საქართველოს ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მისი ნატოში შესვლის შემდეგ? და განა შემთხვევითია ის ფაქტი, რომ ამ დღეებში ბაქომ და თბილისმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე?

სხვათა შორის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ცდილობს თავი აარიდოს პირდაპირ კონფრონტაციას რეგიონში – პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას ერევანში იყო, 12 მარტს კი იგი ბაქოში უნდა გაემგზავროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობას ქართველი პრემიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც დაელაპარაკება.

ორიოდე დღის წინათ კი გიორგი კვირიკაშვილმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: მან წერილი გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეეცადნონ რთული სიტუაციიდან გამოსვლას“. ქართველმა პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა პირადად ჩაერთოს ჟენევის პროცესში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მიზნით.

შეიძლება თუ არა ეს მოვლენა საქართველოს წინადადებად ჩავთავლოთ რუსეთის მიმართ, ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვის მიზნით. აშკარაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ რუსეთთან დიალოგის გარეშე შეიძლება კონფრონტაციის კიდევ ახალი ეტაპი გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ნატო-რუსეთის კონფლიქტის ახალ ფრონტის შექმნის მიზეზი გახდება…

ნატოს ბრიუსელის სამიტი, ალბათ, საქართველოს ალიანსში გზას ისევ არ გაუხსნის, მაგრამ მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციამ, დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებამ შეიძლება ალიანსს მოულოდნელი ნაბიჯებისკენ უბიძგოს. და ისინი, რასაკვირველია, მთელ კავკასიის რეგიონზე აისახება. არის თუ არა ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილისთვის მოლაპარაკების თემა სერჟ სარგსიანთან და ილჰამ ალიევთან?

წყარო: ghn.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.