საქსტატი ინფლაციის დონეს თამბაქოს გარეშე დაითვლის – ხელისუფლების ახალი გაიძვერობა წლიური ინფლაციის დონის შესამცირებლად?

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი ამ მაჩვენებელში 1.3% იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე იწყებს. უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციის მაჩვენებლიდან აქციზის გადასახადის ზრდით გამოწვეული ეფექტის გამოყოფის მიზნით, საქსტატი ინფლაციის არსებული ძირითადი მაჩვენებლის პარალელურად, ახალი ინდიკატორის – თამბაქოს გარეშე ინფლაციის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას იწყებს.

ახალი ინდიკატორი იმავე მეთოდოლოგიით გაიანგარიშება, რაც გამოიყენება ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლის გაანგარიშებისას, იმ განსხვავებით, რომ მას საფუძვლად უდევს სამომხმარებლო კალათა თამბაქოს პროდუქციის გამორიცხვით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე არის მიღებული და მიზნად ისახავს ისეთი ინდიკატორის შექმნას, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ინფლაციურ პროცესებს, საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ეფექტის გარეშე.

თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელი სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას, ასევე სხვადასხვა სფეროს მკვლევარებისა და ექსპერტებისთვის”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი ამ მაჩვენებელში 1.3% იყო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.