საწყლოსნო სპორტის დიდი მოჭირნახულე (ფოტოკოლაჟი)

წავიდა ჩვენგან ვლადიმერ (ვოვა) გოიაშვილი, თბილისელთა უსაყვარლესი „ლაგუნა ვერეს“ აღმშენებელი, თავდადებული გუშაგი და უცვლელი დირექტორი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული წყალბურთისა და მთლიანად სპორტის საწყლოსნო სახეობათა განვითარებაში.

ვოვა გოიაშვილმა ასევე განუზომელი ამაგი დასდო ცურვის ეროვნულ სახეობათა განვითარების საქმეს. „ლაგუნა ვერეს“ ზეობის პერიოდში მისი მხურვალე მხარდაჭერითა და ხელშეწყობით შეიქმნა კოლხურ-იბერიული სტილით ცურვის შემსწავლელი ჯგუფები, განხორციელდა მსოფლიო საგინესო-სარეკორდო გაცურვები „მხედრული კოლხურით“, ლაგუნა ვერეზე ტარდებოდა „თავისუფალი კოლხურითა“ და „მხედრული კოლხურით“ ცურვაში საქართველოს ჩემპიონატები, სხვადასხვა შეჯიბრებები. ლაგუნას 11-13 წლის აღზრდილებმა 2006, 2007 და 2008 წლებში განახორციელეს მსოფლიო ცურვის ისტორიაში უპრეცედენტო 4 კილომეტრიანი დისტანციის გაცურვა თბილისის ზღვაზე „მხედრული კოლხურით“  (ოთხგან ხელფეხშეკრულებმა). მისი მზრუნველობის ქვეშ სპორტულ ცურვას დაეუფლა ორივე თვალით უსინათლო და მარჯვენა ხელის მტევანამპუტირებული ნიკა თვაური, რომელმაც პარამსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (დღეს იგი ცნობილი პარაოლიმპიელია).

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და კოლხურ-იბერიული სტილით ცურვის აღორძიებაში შეტანილი წვლილისათვის მის სახელს ოქროს ასოებით შეიტანენ მსოფლიო ცურვის ისტორიაში. ძნელია ჩამოთვალო ის ღვაწლი, რაც მან გააკეთა ამ მიმართულებით.

გული ჩამწყვიტა მისი გარდაცალების ცნობამ, ცრემლს ვერ ვიკავებ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

მშვიდობით, სპორტის საწყლოსნო სახეობათა, „ლაგუნა ვერეს“ და კოლხურ-იბერიული სტილით ცურვის თავგამოდებულო მოჭირნახულევ, ბრწყინვალე პიროვნებავ და ღირსეულო ადამიანო!!!

ჰენრი კუპრაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.