„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ გენერალური ფორუმის პანელური დისკუსია თემაზე: „დეცენტრალიზაცია – უფლებამოსილებები“

ფორუმის ფარგლებში პირველი სესია დაეთმო თემას – „დეცენტრალიზაცია – უფლებამოსილებები“. სესიას მოდერაცია გაუწია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში”, მენეჯერმა ნინო კაკუბავამ. 

როგორც ნინო კაკუბავამ განაცხადა, საკანონმდებლო ჩარჩო და ყველა ის დებულება, რაც ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციით და ორგანული კანონით არის წარმოდგენილი, სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან, ანუ სრულიად მოწესრიგებული კანონმდებლობა გვაქვს.

მისივე თქმით, დღის წესრიგში რჩება ის საკითხები, თუ რამდენად შესწევს ძალა თვითმმართველ ერთეულებს სრულყოფილად განახორციელონ კანონით მათზე დაკისრებული უფლებამოსილებები და რამდენია მუნიციპალიტეტების მიერ გადასაწყვეტი საკითხების წილი საჯარო საკითხებში.

სწორედ ეს ორი გამოწვევა გამოიკვეთა სხვადასხვა დისკუსიის შედეგად, მათ შორის სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ჩატარებული წინა ორი ფორუმის შედეგად, ასევე დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრების შედეგად.

შესაბამისად, დღევანდელი პანელის დისკუსიაც სწორედ ამ ორი საკითხის ირგვლივ გაიმართა.

მოხსენებები გააკეთეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა მერაბ ქვარაიამ და ლაშა დამენიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის კონსულტანტმა დეცენტრალიზაციის საკითხებში, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა პაველ სვიანევიჩმა, ექსპერტმა ლიზა სოფრომაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ ქვეყანა თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე საკუთარი ხედვა გააცნო დამსწრეთ.

დეპუტატმა ვრცლად მიმოიხილა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან მუნიციპალიტეტები სადღეისოდ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მის როლსა და ადგილზე ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველობამ საქართველოში და მისმა განვითარებამ ძალიან საინტერესო ისტორიული გზა განვლო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მიიჩნევა ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის ხელმოწერა 2002 წელს და ევროპულ ქარტიასთან დაახლოება კვლავაც პრიორიტეტია ჩვენი თვითმმართველობისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად კი 2014 წლის რეფორმა უნდა იქნეს მიჩნეული, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავდა გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევას, კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნას როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური გარანტიების შექმნას და ა.შ. შეიქმნა ერთიანი კოდიფიცირებული დოკუმენტი – თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოს კანონმდებლობაში თვითმმართველობასთან ორგანულ კავშირში მყოფ ნაწილებს და გააერთიანა“, – განაცხადა მან.

პარლამენტარმა ასევე ისაუბრა არსებულ პრობლემებზეც და იმ ნაბიჯებზეც, რომელთა გადადგმა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თვითმმართველობების გაძლიერებას და მათ ეფექტურობას.

მერაბ ქვარაიამა განაცხადა, რომ „კარგად გააზრებული და სწორად დაგეგმილი დეცენტრალიზაციის პროცესი და მისი შედეგები მიმართულია პირველ რიგში ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისკენ, რადგან უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ნაბიჯი ცენტრალური ხელისუფლების განტვირთვისკენ იმ ვალდებულებებისა და პროცედურული თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობისგან, რომელთა აღსრულება ხელისუფლების სხვა უფრო დაბალ დონეზე, სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით და ოპერატიულობით არის შესაძლებელი. ახალი გამოწვევების წინაშე ვართ – თვითმმართველობა უნდა გადავიყვანოთ რეალურად ახალ საფეხურზე, ახალი უფლებამოსილებებით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებითა და ბერკეტებით, რათა ყველა ის სიკეთე, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან ხელისუფლებისგან, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, დროულად სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ მათ“.

თვითმმართველობის საკითხებზე, ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა წარმოადგინა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან ლაშა დამენიამ.

მისი განცხადებით, „თვითმმართველობის რეფორმა ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული კუთვნილება არაა, იმიტომ, რომ თვითმმართველობის რეფორმა არის ხერხემალი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ ამ რეფორმას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხებს დაუთმო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა შემუშავება და განხორციელება აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს დეცენტრალიზაცია.

ეს ეხება უფლებამოსილების გადაცემას, ფისკალურ დეცენტრალიზაციას, ღია მმართველობას – ანუ მმართველობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას.

მან ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს კონგრესის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მონიტორინგის ვიზიტის შედეგებია მოცემული და ასახულია ის წარმატებები, რასაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, მოცემულია ასევე რეკომენდაციებიც. მისი თქმით, მთავრობა დეცენტრაცლიზაციის პროცესს ურყევად უჭერს მხარს და აუცილებელია, განვითარებაზე ორიენტირებული სწორი მოდელი შევქმნათ, რომლის შემუშავებაშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას.

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები, სურვილები და რეკომენდაციები წარმოადგინა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის კონსულტანტმა დეცენტრალიზაციის საკითხებში, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა პაველ სვიანევიჩმა.

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, მოსაზრებები და რეკომენდაციები მონაწილეებს გააცნო ექსპერტმა ლიზა სოფრომაძემ და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა თვითმმართველობა დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.