სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სირიის რეჟიმის დაცვით რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილებაზე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ექვსი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

„სახელმწიფო მდივანმა გასულ თვეში პარიზში აღნიშნა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ ღუტაში მსხვერპლზე და ქიმიური იარაღის მსხვერპლ მრავალ სხვა სირიელზე მას შემდეგ, რაც რუსეთი საომარ მოქმედებებში ჩაერთო. სირიის რეჟიმის პასუხისმგებლობისგან დაცვით, რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს. სირიაში ყველა მხარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეწყდეს. სირიელი ხალხი იტანჯება; დანარჩენი მსოფლიო კი უყურებს ამას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

24 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სირიის ხელისუფლებას აღმოსავლეთ გუტაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა და მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლიდან გუტის რაიონში რუსეთისა და სირიის არმიის მიერ 400 ათასამდე ადამიანი ალყაშია მოქცეული. გაერო იქ არსებულ მდგომარეობას “კატასტროფულს” უწოდებს.

2017 წელს დასავლეთ გუტა რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ დეესკალაციის ზონად გამოცხადდა. ამის მიუხედავად, რაიონი მუდმივად ხვდება ავიადარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.