სესხებზე პროცენტი მოიმატებს, ხოლო საკომისიოები და ჯარიმები გაიზრდება – ივანიშვილის “ოცნების” ხალხის გაღატაკების პოლიტიკა?

საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მალე ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ცვლილება ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა, როგორც ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი.

“ახალი წლიდან მოყოლებული, ბანკებმა გარკვეული მომსახურება გააჩერეს და ეს რეგულაცია ყველა პროდუქტზე არ ასახულა. აქედან გამომდინარე, ცვლილება, ალბათ, უფრო შემდგომ პერიოდში იქნება მოსალოდნელი, მაგრამ არა იანვარში. ჯერჯერობით ვითარება დიდად არ შეცვლილა. წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ, რა შეიცვლება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად გვაქვს მოცემულობა, რომ სესხების გაცემა შემცირებულია. ამაზე შესაძლებელია ემოქმედა სეზონურობას და იმ ფაქტორსაც, რომ წინა პერიოდში დაანონსდა ამ რეგულაციის ძალაში შესვლა და იანვრამდე მეტი აქტიურობა იყო.

პირველი კვარტლის ბოლოს გვეცოდინება, თუ საითკენ წავიდა საპროცენტო განაკვეთები, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ. როგორც წესი, განაკვეთებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რეალურად დღევანდელ სიტუაციაში დანახარჯები ინდივიდუალურად სესხის განხილვასთან დაკავშირებით გაიზარდა”, – ამბობს “რეზონანსთან” ძნელაძე და დასძენს, რომ სავალუტო სესხის მქონე პირთათვის საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, მოიმატებს.

“მოთხოვნა სესხებზე შემცირდა და მიწოდება იგივე დარჩა, რამაც ბაზარს შეიძლება შემცირებისკენ უბიძგოს. თუმცა, 200 ათას ლარამდე გაიზარდა ლიმიტი და ამ ფარგლებში მხოლოდ ლარში გაიცემა სესხები, ამიტომ ვისაც სავალუტო სესხი აქვს, ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაუზრდის.

საკმაოდ ბევრი პარამეტრი მოქმედებს და ძალიან რთულია პროგნოზი. ვფიქრობთ, საპროცენტო განაკვეთები გარკვეულ პროდუქტებზე მოიმატებს. სწრაფი სესხი ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს, ამან შეიძლება განაკვეთი შეამციროს, მაგრამ ამის პარალელურად ფიქსირებული დანახარჯი გაზრდილია და ეს უკვე საკომისიოების გაზრდის წინაპირობაა”, – ამბობს ძნელაძე.

სპეციალისტების შეფასებით, სამომავლოდ გაიზრდება არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ სხვა ხარჯიც და შესაძლოა, ცვლილება საკომისიოებსაც შეეხოს. ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ საბანკო მომსახურების გაძვირებით ქართული საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა რეგიონში გაუარესდება.

“დაუწერელი კანონია, როგორც კი რეგულაცია შემოდის და ტრანზაქციული ხარჯი იზრდება, ბანკები ყოველთვის მოძებნიან გამოსავალს და მომსახურებას გააძვირებენ, ამაში ფინანსური სექტორი უდავოდ “ნიჭიერია”. ეს არც იქნება მოულოდნელი, რადგან ბანკებმა ვიღაცისაგან ხომ უნდა ამოიღონ ეს ფული, შესაბამისად, ტვირთს ისევ მომხმარებლებს აჰკიდებენ. ამიტომ ველოდები გარკვეული საბანკო პროდუქტების გაძვირებას, რითაც ბანკები ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ.

სავარაუდოდ, გაძვირება აისახება სხვადასხვა სახის საკომისიოებზეც. დანაკლისი კლიენტების ხარჯზე ანაზღაურდება. შემოიღებენ ასევე ახალ ფინანსურ პროდუქტებს, საიდანაც ამ ხარჯების კომპენსაციას მოახდენენ. ცხადია, ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, პირიქით, შემაფერხებელიც კი გახდება განვითარებისათვის.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბანკების ტრანზაქციული ხარჯი გაცილებით მაღალია, ვიდრე სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. ამ მხრივ უარესი მდგომარეობა მხოლოდ რუსეთშია, გასაგები მიზეზის გამო. რეგიონში ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით კიდევ შემცირდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ცვლილება ძალიან შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ანალიზი როგორც კი გაკეთდება, გამოჩნდება, რომ საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდება”, – ამბობს “რეზონანსთან” თუთბერიძე.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საპროცენტო განაკვეთებისა და რამდენიმე სხვა მომსახურების გაძვირება საბოლოოდ ლარის კურსს დააწვება და სავალუტო რყევებს გამოიწვევს.

“ახალი რეგულაციები კომერციულ ბანკებს შემოსავლებს შეუმცირებს. ბუნებრივია, რომ ისინი შეეცდებიან თავიანთი დანაკლისის ანაზღაურებას არა მარტო საპროცენტო განაკვეთებით, არამედ – ჯარიმებით, საკომისიოებითა და სავალუტო თამაშებით, რაც ასევე გამოიწვევს მომავალში ლარის რყევას, ეს სავსებით მოსალოდნელია”, – აცხადებენ ექსპერტები.

guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.