“სიცრუეა, თითქოს ისნის გამგეობამ სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა” – გამგეობის განცხადება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ისნის გამგეობამ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე მისამართზე ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი.

გაცნობებთ, რომ ჰოლბრუკის ქუჩა N6-ში ცხოვრობს უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა, რომელთაც კერძო კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის აბონენტად დარეგისტრირება მოსთხოვა. შესაბამის პროცედურებზე უარის თქმის მიზეზით, კომპანია „თელასმა“ მოსახლეობას დენის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა დახმარებისთვის დღეს ისნის რაიონის გამგეობას მიმართეს.

„თელასის“ წარმომადგენლების თანდასწრებით, შედგა შეხვედრა მოსახლეობასა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს შორის, რომელმაც გაუწია მათ შუამდგომლობა კერძო კომპანიასთან. ისნის გამგეობის ძალისხმევით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, კომპანია „თელასი“ ელექტროენერგიის მიწოდებას დღესვე აღადგენს. მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, პატივი სცეს მოქალაქეების უფლებას- მიიღონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია და ნუ ეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.