სომხების ანტიქართული აქცია მოსკოვში? – ვან ბაიბურთი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ვან ბაიბურთი გადაჭრით უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას, რომ მოსკოვში ადგილობრივი სომხები ანტიქართულ აქციას მართავენ. უფრო კონკრეტულად კი, აქცია სომხეთის მიერ ისტორიის განმავლობაში ტერიტორიების დაკარგვას ეძღვნება და მისი მსვლელობისას გაკეთდება იმ ტერიტორიების „ცოცხალი“ რუკა, რომლებიც, ორგანიზატორთა აზრით, სომხეთის ისტორიული საკუთრებაა, თუმცა დღეს სხვა ქვეყნების შემადგენლობაში შედის და ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია ჯავახეთია.

ცნობა ამ აქციის შესახებ რუსულმა გამოცემა „ვესტი კავკაზამ“ გაავრცელა. მათი ცნობით, აქცია მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ სომხურ ეკლესიასთან გაიმართება, მისი ორგანიზატორები კი არიან მოსკოვის სომხური ახალგაზრდული ასოციაცია, მოსკოვის სომხური მუზეუმი და რუსეთის სომეხთა გაერთიანება.

„ვესტი კავკაზა“-ს ასევე მოყვანილი აქვს აქციის მთავარი პლაკატი შესაბამისი რუკით, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

„მსგავს პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს ჩვენი საერთო მტერი – რუსეთი. კიდევ ერთი ასეთი საიტია – „კავკაზ-პლუსი“. მისთვის ხელსაყრელია, რომ ქართველები და სომხები ერთმანეთს გადაჰკიდოს. მაგრამ ქართველი და სომეხი ერი ბრძენი ხალხია და რუსეთმა რამდენიც არ უნდა იოცნებოს, ჩვენ შორის განხეთქილებას ვერ ჩამოაგდებს. 

„რუსეთი ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველოში სიმშვიდეა. სომხებს არასოდეს, დაკარგული ტერიტორიების გამო, აქცია არ გაუმართავთ“, -აცხადებს ვან ბაიბურთი.

მისივე შეფასებით, მსოფლიო მასშტაბით საქართველო ეთნიკური უმცირესობების მიმართ ყველაზე მეტად ტოლერანტულია და ცნობა ამ აქციის შესახებ „წმინდა წყლის პროვოკაციაა“.

„ვესტი კავკაზა“-ს ინფორმაციით, მოსკოვის აზერბაიჯანულმა სათვისტომომ ამ აქციის გამო მოსკოვის მერიას პროტესტით მიმართა.

მარიამ ბოლქვაძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.