სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 20 მილიონი ლარით იზრდება

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 20 მილიონი ლარით, ჯამში 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ბახტაძემ Facebook Live-ის დროს განაცხადა.

პრემიერმინისტრმა ეს პროექტი მის ერთ-ერთ ფავორიტ პროექტადაც დაასახელა.

“ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან სწორედ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, რაში დახარჯოს თანხა სოფელმა და რა არის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა აკეთებდნენ იმ გადაწყვეტილების რეალიზაციას, რომელსაც მიიღებს მოსახლეობა და ამ შემთხვევაში – სოფელი. ვერც ერთ ადამიანს, რომლიც მმართველობის სისტემაში მუშაობს, ვერ ეცოდინება უკეთ, რა არის გასაკეთებელი. ეს პრაქტიკა ამგვარი კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 1000 სოფელში უკვე ჩატარდა კრება, რომელშიც მინისტრებიც და მათი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, ასევე აქტიური ჩართულობაა პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

2017 წელს გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღდგა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში  კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.