სოხუმის რეჟიმი გალელებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შემოღებაზე ფიქრობს

“ქართველებს, მოქალაქეობის არქონის გამო აფხაზურ ჯარში არ ვიწვევთ, ამიტომ ახლა კანონმდებლებისგან ველით კანონს, მათთვის ალტერნატიულ მსახურებაზე“, – ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ ადრე გალში მცხოვრების ქართველები ჯარში თავის დროზე ძალდატანებით მიჰყავდათ.როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები იხსენებენ, ჯარში გასაწვევად, სეზონურად ხდებოდა რეიდები და მიყავდათ ყველა, ვისაც ჯარის ასაკი ჰქონდა.

„კირთაძე იყო ერთი, სოფელში ხმა რომ გავარდებოდა მოდისო, ახალგაზრდები იმალებოდნენ. არავის უნდოდა აფხაზურ ჯარში წასვლა. არანაირი პირობები მანდ არ იყო და ამბობდნენ, რომ ქართველებს განსაკუთრებულად ჩაგრავდნენ. ჯარისგან თავის დასახსნელად დე ფაქტო ხელისუფლება გარკვეულ თანხას იღებდა. ახალგაზრდები არ იღებდნენ არანაირ აფხაზურ საბუთს, რადგან ამ დროს ავტომატურად ხვდებოდნენ ჯარში გასაწვევთა სიაში. მერე კი უკვე პირდაპირ სკოლებიდან მიჰქონდათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების სიები, ან სოფლების გამგებლებს სთხოვდნენ მათ აღწერას. ბოლო რამდენიმე წელია, ამ მიზნით სოფლებში არავინ გამოჩენილა. ისე კი აფხაზურ ჯარში, ალბათ სულ ერთი ორი თუ არის აქედან ნამყოფი, ძირითადად სულ თანხას იხდიდნენ და ამით თავისუფლდებოდნენ გარკვეული ვადით“, – გვითხრა გალის მკვიდრმა და დასძინა, რომ ადგილობრივებისთვის არანაირი ალტერნატიული სამსახური მისაღები არ იქნება.”იმსახურო აფხაზურ ჯარში ქართველისთვის, უამრავი მიზეზით, მიუღებელია. რამდენიმე წელია მშვიდად ვართ და არანაირი ალტერნატიული მსახურების სურვილი არ გვაქვს. თუ მაინც შემოიღებენ, ალბათ, ძველებურად დავიმალებით, ან თანხას გადავხდით, ან კიდევ შეძლებისდაგვარად დატოვებს ახალგაზრდობა აქაურობას, ისედაც მათი უმეტესობა უკვე საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული“, – ამბობს DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარე, გალში მცხოვრებ ქართველებს აფხაზურ პასპორტს საქართველოს მოქალაქეობის გამო არ აძლევს. სწორედ მოქალაქეობის არქონის გამო არ ხდება მათი აფხაზურ ჯარში გაწვევაც.

წყარო: DFWatch

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.