“სოხუმი” სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

ადიგენიდან სოხუმში ათობით მგზავრი ათი წელი ატარა. 25 წლის წინ გაჩერდა, მაგრამ, ტრანსპორტიდან წარწერა ‘სოხუმი’ არ მოხსნა – ეს მისთვის დაბრუნების სიმბოლოა, ნიშანი, რომ რეისი – ‘ადიგენი–სოხუმი’ ოდესმე ისევ შესრულდება – სხვა მგზავრებით, სხვა ტრანსპორტით, მაგრამ მაინც.

ეს, უკვე ძველი, საღებავგადასული, უმინებო და ნაწილების საწყობს დამსგავსებული ავტობუსი ადიგენში, სოფელ ენთელში, ბორის შეყლაშვილის ეზოში დგას. ავტობუსის უმოქმედობას მინაზე შერჩენილი “ტრაფარეტი” ნიღბავს… ირკვევა, რომ ეს შემთხვევითი როდია.

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]ჯერ მამას, მერე კი შვილს, ბორის შეყლაშვილს, ადგილობრივები აფხაზეთიდან, წლების განმავლობაში დააჰყავდათ, – ხან სავაჭროდ, ხან ექსკურსიაზე, ხან კი დასასვენებლად.

ბორისს ახსოვს, როგორ ხვდებოდნენ იქ ბოლო ჩასვლების დროს, ახსოვს ისიც, როდის შეწყდა მიმოსვლა, მაგრამ, ავტობუსის გაყიდვა არასოდეს უფიქრია, – მოგონებებისა და სიმბოლოების ‘სკივრია’ მისთვის და ამიტომ: „34 წლის არის, ბევრჯერ შემომთავაზეს გაყიდვა, თავის დროზე იმ ფულით თბილისში სახლის ყიდვაც შემეძლო, მაგრამ ვერ გავიმეტე“.

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]სოხუმზე მოგონებებით ამ სოფელში, ამ ავტობუსის წყალობით, მხოლოდ ბორისის ოჯახი არ ცხოვრობს. ადგილობრივებს ყველა მგზავრობა და ყველა დროის სოხუმი დეტალურად ახსოვთ.

დაკარგვის მიზეზებზე ყველას განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ, ერთი, რაც ყველას აერთიანებს, იმედია – იმედი დაბრუნების, – სხვა დროს, სხვა საშუალებებით, სხვა ტრანსპორტით და სხვა მიზნით. იმედი აქვს ყველას, თარიღი კი არავის…

 

 

წყარო: sknews

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.